ახალი ამბები
ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ ნახევარი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ექვს თვიანი მუშაობის ანგარიში ამავე ფრაქციის წევრებმა წარადგინეს.

მათ ყურადღება ამ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, სხვადასხვა განხორციელებულ, მიმდინარე პროექტებსა და საქმიანობის მთავარ პრინციპებზე გაამახვილეს. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, მათი მთავარი მიზანი მეტი გამჭვირვალობა და მოსახლეობის ჩართულობაა.

წოწერიას თქმით, ამისთვის მალე საკრებულოს საკუთარი მობილური აპლიკაცია ექნება, რომელიც ზუგდიდელების მეტ ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, მან ზუგდიდის მშენებარე სტადიონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი დასკვნა იმის შესახებ, რაც ცვლილებები უნდა შევიდეს უკვე არსებულ პროექტში.

„საკრებულოს მთავარი პრინციპი არის ღიაობა, მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა და ანგარიშვალდებულება მათ წინაშე. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს პრინციპი მაქსიმალურად იყოს დაცული, ყველა ღონისძიება იყოს ხალხთან შეთანხმებული, ისინი იყვნენ ჩართული პრობლემების იდენტიფიცირებაში და გადაწყვეტის დაგეგმვაში. საბოლოოდ კი კონტროლი გაუწიონ სხვადასხვა პროექტს“, - აღნიშნა წოწერიამ.



ქუჩებისა და მოედნების სახელდება, ეთიკის კოდექსის მიღება და ამომრჩევლებთან შეხვედრები - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ყურადღება ფრაქციის თავმჯდომარემ გაამახვილა. მისივე თქმით, მათი მთავარი მიზანი ამომრჩევლების პრობლემების გადაწყვეტაა.

„ამ ექვსი თვის განმავლობაში და შემდეგაც ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ამომრჩეველთან ურთიერთობა, მათი პრობლემების გაზიარება, შესაბამის სტრუქტურებთან მიტანა, ზრუნვა და ოპერატიულად გადაწყვეტა. ამ პერიოდში ჩვენ ვხვდებოდით მოსახლეობას და ვისმენდით მათ პრობლემებს, როგორიცაა შიდა ქსელი, დასაქმება, წყალმომარაგება. მათი ნაწილი არის ინიცირებული და განხილული“, - თქვა ჯიქიამ.



შეხვედრას საკრებულოს წევრების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გარდა არასამთავრობო სექტორიც დაესწრო.



"სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის" ხელმძღვანელის ციცინო შენგელიას თქმით, მსგავსი ანგარიშების წარდგენა მისასალმებელია, თუმცა დასძენს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუკი დეპუტატები უფრო ვრცლად არა სტატისტიკურ მონაცემებზე, არამედ პროექტებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრებდნენ.

„ფაქტი მისასალმებელია, თუმცა უფრო საქმიანი რომ ყოფილიყო და უფრო დეტალურად გვესაუბრა პროექტებზე. უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა მომესმინა, მაგალითად, რომელ პროეტქს დაუჭირეს მხარი, რა იყო პრიორიტეტული ნაწილი. მოხარული ვარ, რომ ჩვენს თვითმმრთველობაში ინერგება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრაქტიკა“, - თქვა შენგელიამ.

საკუთარი და კომისიის მუშაობის ანგარიში მამუკა წოწერიასა და თამუნა ჯიქიას გარდა სულ ექვსმა დეპუტატმა წარმოადგინა, მათ შორის იყვნენ კონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა, იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდია, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ნაცვლად მისი ანგარიში თაზო ფაცაციამ წარადგინა.

შეხვედრას, რომელიც NDI-ის ორგანიზებით გაიმართა, საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრები არ ესწრებოდნენ.

Print