ახალი ამბები
ვლაქერნობა 2018 ზუგდიდში (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა დღეს დილით 9 საათზე დაიწყო. სასულიერი პირებმა კვართი და წმინდანთა ნაწილები დადიანების მუზეუმის საცავიდან გამოაბრძანეს და მსვლელობითა და გალობით მშენებარე საკათედრო ტაძრისკენ გაიმართნენ.



მრევლს დღესასწაული მიულოცა ზუგდიდისა და ცაიში მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ.

„გილოცავთ ყველას დღეს, როდესაც დედა ღვთისმშობელი ტაძარში დაიდებს ბინას და გვაქვს საშუალება ამ სიწმინდის მოლოცვისა, მსოფლიო რელიგიის საგანძურის მიახლებისა. ვმადლობთ უფალს, რომ გვაქვს ამის საშუალება. ღვთისმშობელმა დაგვიცვას და დაგვიფაროს ჩვენ და სრულიად საქართველო“, - აღნიშნა მეუფემ.



მსვლელობაში მონაწილეობდა ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია.

„მინდა მივულოცო მორწმუნე საზოგადოებას დღევანდელი დღე, რომელიც არის საერთო სახალხო დღესასწაული. ბევრი ადამიანი მოდის და ზეიმობს, მიეახლება განსაკუთრებულ სიწმინდეს, რომელიც ზუგდიდშია დავანებული. საქართველოს კი ძლიერებას, მხნეობასა და გამთლიანებას ვუსურვებ“, - თქვა ზუგდიდის მაჟორიტარმა.

სამხარეო ადმინისტრაციასთან შეუერთდნენ მსვლელობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ქვეყანას გამთლიანება უსურვა.

„მართლმადიდებელ სამყაროს და ქართველ ერს ვულოცავ ამ დიდ და უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს. თითოეულ მათგანს მინდა წარმატება, ბედნიერება და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება ვუსურვო“, - აღნიშნა გუბერნატორმა.





საზეიმო წირვა ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში 10 საათზე დაიწყო, რომელსაც მალევე პატრიარქის თანამოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო შეუერთდა. მან წირვა-ლოცვა მეუფე გერასიმესთან ერთად აღავლინა. მოგვიანებით კი მრევლს პატრიარქის მილოცვა გადასცა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში წმინდა სამოსლის ყოფნა ღვთისმშობლის წილხვდომობის ნიშანია.



ვლაქერნობის დღესასწაულზე დასასწრებად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. ტაძარში დილიდან მიდის ადგილობრივი მოსახლეობაც.

„მთელ საქართველოს და განსაკუთრებით, ზუგდიდს, ვულოცავ ამ უდიდეს დღესასწაულს. დიდი მადლობა, რომ ღვთისმშობლის კვართი აქ გვიბრძანდება და ასეთი სიხარულის დღეა ყველა მორწმუნესთვის“, - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა იანა ტორჩინავამ.



ზუგდიდში დღესასწაულზე დასაწრებად „ევროპული საქართვველოს“ ერთ- ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილიც იმყოფებოდნენ.



საზეიმო წირვას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ლევან იზორია და გიორგი გახარია. მათთან ერთად ტაძარში იყო დევნილთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი და პარლამენტის თვითმმართველობის და რეგიონული კომიტეტის თავმდჯომარე ზაზა გაბუნია.



პრემიერმა მრევლს დღევანდელი დღეს ტაძრიდან მიულოცა. მინისტრებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საზეიმო წირვა საკათედრო ტაძარში უკვე დასრულდა.


ამ წუთებში მრევლს საშუალება აქვს ღვთისმშობლის კვართი, წმინდა დიდმოწამე მარინეს მკლავი, წმინდა მოწამე კვირიკეს ხელის მტევანი, წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილები მოილოცონ.

ამავე თემაზე:

მეუფე გერასიმემ პრემიერსა და მინისტრებს ხატები აჩუქა


Print