ახალი ამბები
ფრაქცია „ენმ“-ის 6 თვიანი მუშაობის ანგარიში (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საკრებულოს ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუშაობის ნახევარწლიანი ანგარიში წარადგინა. ფრაქციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ და წევრებმა დათა შელიამ და პაატა ადამიამ შეხვედრაზე მოსულ სტუმრებს საკუთარი საქმიანობის მიმართულებები გააცნეს.

წითლიძის შეფასებით, მათი მუშაობა ნახევარწლიან პერიოდში წარმატებული იყო.

მან მოსახლეობასთან შეხვედრებზე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამგომლობასა და ინიციატივებზე ისაუბრა.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ, რაც შეიძლება მეტი მოქალაქის პრობლემა დაგვეყენებინა სხდომებზე და ვყოფილიყავით შუამავალი. ფრაქციას ამ დრომდე ჰქონდა 86-ზე მეტი შენიჩნა, რომელიც გადავაგზავნეთ მერიასა და საკრებულოში, მერიაში გადაგზავნილი 74 შუამდგომლობიდან 34 დაკმაყოფილდა. გვქონდა 90-ზე მეტი შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოებთან ვუშუამდგომლეთ გარემოვაჭრეეს, მოქალაქეებს პარკირებასთან დაკავშირებით. ჯამში სულ 500-ზე მეტი ადამიანის პრობლემა მივიტანეთ საკრებულოს სხდომაზე“, - თქვა მან.

გარდა ამისა, წითლიძემ საოლქო პროკურატურაში შეტანილ განცხადებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა ნაწილზე გამოძიება დაიწყო. საუბარია ოთხ საქმეზე: ყინულის სახლი, კონტრაბანდა, მეოთხე საჯარო ბაღი, თაუნ პარკი.



შეხვედრას, რომელიც NDI-ის ორგანიზებით გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ენმ-ის მხარდამჭერები და ბენეფიციარები დაესწრნენ.


Print