სპორტი
Neymar Jr`s Five- ის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო გოლი ზუგდიდელმა გაიტანა (ფოტო, ვიდეო)
ქუჩის ფეხბურთის ( Street Ball) მსოფლიო ჩემპიონატის - Neymar Jr's Five-ს შესარჩევი ეტაპის საუკეთესო გოლის ავტორი 21 წლის ზუგდიდელი კოკა ფაჩულია გახდა. გლობალური ჩემპიონატის “ფეისბუქ” გვერდზე საქართველოში გატანილი გოლის ამსახველი შესაბამისი ვიდეოც გამოქვეყნდა.



"ჩემპიონატის შესახებ სრულად შემთხვევით გავიგე. მეგობრებმა სკეიტ პარკის ტერიტორიაზე შენიშნეს სამზადისი და დაინტერესდნენ, აღმოჩნდა რომ პირველად ტარდებოდა ნეიმარის ჩემპიონატი ჩვენთანაც. ფინალურ ეტაპზე მარტივად გადავედით, თუმცა მონდომების მიუხედავად ჯგუფიდან ვერ გავედით. 2 დღის წინ კი ტურნირის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა საუკეთესო გოლების ტოპ 5-ეული, თვალებს არ დავუჯერე, როცა ჩემი გოლი პირველ ადგილზე აღმოჩნდა, ძალიან გახარებული ვარ და ამაყი" - თქვა კოკა ფაჩულიამ.



Neymar Jr`s Five ფარგლებში, პროფესიონალი და მოყვარული ფეხბურთელებისთვის საფეხბურთო მატჩები მსოფლიოს მასშტაბით 60 -ზე მეტ ქვეყანაში იმართება. შეხვედრები 5X5-ზე ფორმატში მიმდინარეობს და მათში მონაწილეობის მიღება 16-დან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს შეუძლიათ. ტურნირი ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა დაარსა.



ტურნირი საქართველოში წელს პირველად ჩატარდა. გამარჯვებული გუნდი ხვალ, 21 ივლისს ბრაზილიაში, საქართველოს სახელით ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.


Print