რეგიონი
ზუგდიდში მიუსაფარი ცხოველების მონიტორინგი განხორციელდება
ასოციაცია “მერკური”, მოხალისეების დახმარებით, ზუგდიდში მიუსაფარი ცხოველების მონიტორინგს იწყებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა დღეს ორგანიზაციის ოფისში გაიმართა, რომელსაც ცხოველთა მოყვარულები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ. შეკრებილებმა ისაუბრეს თუ რა ფორმით უნდა მოხდეს მიუსაფარი ცხოველების აღრიცხვა და მონიტორინგი.

დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ ყველაზე უფრო მეტი ძაღლი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე და დადიანების სასახლის ეზოში იყრის თავს. შეხვედრის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის უფრო მეტი მოქალაქის ჩართვა იქნება საჭირო.

„გამომდინარე იქიდან, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა, როგორც საქართველოში, ასევე ზუგდიდშიც საკმაოდ აქტუალურია. ჩვენ გადავწყვიტეთ ვიმუშაოთ ამ საკითხზე და განვახორციელოთ მიუსაფარ ცხოველთა რიცხოვნობის მონიტორინგი. გარდა ამისა, არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი მიუსაფარი ძაღლი გვყავს დღეს ქუჩაში“, - თქვა ასოციაცია "მერკურის" იურისტმა ლანა ჟვანიამ.

შეხვედრას მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ცნობისთვის, მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის მოწყობასთან დაკავშრიებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლებმა მერებს ინტერმუნიციპალური თავშესაფარის პროექტი წარუდგინეს, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა თქვეს, რომ თავშესაფრის ასაშენებლად თანხა არ აქვთ.

ამ დროისთვის, ზუგდიდიდან უპატრონო ძაღლები ოზურგეთის რაიონ სოფელ დვაბზუში ინდ.მეწარმე გიორგი მაღლაფერიძეს გადაჰყავს. მასთან ხელშეკრულება მერიამ ორი თვის წინ გააფორმა.

შესაბამისი ტენდერი მიმდინარე წლის განმავლობაში მერიამ რამდენჯერმე გამოაცხადა, თუმცა გამარჯვებული მხოლოდ მეოთხე ჯერზე გამოვლინდა.

მერიას წინადადება მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა - გიორგი მაღლაფერიძემ შესთავაზა. მან წინა ტენდერში მონაწილეობა ქუთაისში რეგისტრირებული კომპანიის „ვექტრას“ სახელით მიიღო, თუმცა ტექნიკური დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, ძაღლების თავშესაფარში მოთავსებისა და სხვადასხვა მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გამოიყო.

მას შემდეგ, რაც მერიის მიეც გამოცხადებული ტენდერი სამჯერ არ შედგა, მერიამ გადასაყვანი ძაღლები რაოდენობა 461-დან 375-მდე შეამცირა.

ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლები მაღლაფერიძეს ოზურგეთის თავშესაფარში 2015 წელსაც გადაჰყავდა, რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. მაშინ გაირკვა, რომ ინდ. მეწარმე გიორგი მაღლაფერიძის მიერ მოწყობილი თავშესაფარი სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

მერიის მიერ 2016 წელს გამოცხადებული ტენდერი ისევ გიორგი მაღლაფერიძემ მოიგო, თუმცა სამოქალაქო სექტორის აქტიურობამ შედეგი გამოიღო და მუნიციპალიტეტმა მეწარმესთან დადებული ხელშეკრულება გააუქმა. ამის შემდეგ, უპატრონო ძაღლები ბათუმში გადაჰყავდათ, თუმცა ამ შემთხვევაშიც ცხოველთა მოყვარულები თავშესაფარ "სერვერის" პირობებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

ამავე თემაზე:

მერები ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე : შესაბამისი ფინანსები არ გაგვაჩნია (ვიდეო)


Print