ახალი ამბები
ხაიშში მოსახლეობა სპეცრაზმისა და ფინანსური პოლიციის შესვლას აპროტესტებს
ამ წუთებში ხაიშში ადგილობრივები სამართალდამცავთა მობილიზებასა და ფინანსური პოლიციის შესვლას აპროტესტებს. რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა გარი ჩხვიმიანმა უთხრა, რომ ხაიშის ცენტრში გზა არის გადაკეტილი, რომლის ერთ მხარეს პოლიცია, მეორე მხარეს კი მოსახლეობა დგას.

„მობილიზებულია სპეცრაზმი, რომლისგანაც თავს იცავს მოსახლეობა. დილაუთენია დაგვადგნენ თავს. უმართავი ხდება პროცესი, ისეთი სიტუაციაა. პრემიერი შეიყვანეს შეცდომაში, რომ სტიქია ჭუბერში ხე-ტყის ჩეხვამ გამოიწვია, რაც სიცრუეა. ამიტომ შემოვიდნენ, როგორც გვეუბნებიან. ნიღბებით და ფარებით მოვიდნენ და დადგნენ ჩვენ წინაშე. მთავრობამ ომი გამოგვიცხადა“, - თქვა ჩხვიმიანმა.

მისი თქმით, ადგილზე სვანეთის მოსახლეობის ნაწილი, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებიან.



მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიცია შევიდა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყებაში გვითხრეს, რომ გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები, თუმცა დამატებით დეტალებზე, ჯერჯერობით, არ საუბრობენ.

ამავე თემაზე:

ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებთან დაკავშირებით ფინანსური პოლიცია შევიდა
Print