ახალი ამბები
სუს-მა გაჭედილში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი იზა წ, ხოლო დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ამავე სოფელში მცხოვრები მოქალაქე კახა ბ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას სუს ავრცელებს.

ამავე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ კახა ბ-მ, რომლის ოჯახსაც ზუგდიდის ადგილობრივი არქივის მონაცემებით ერიცხება 7700 კვ.მ ფართობის საკარმიდამო ნაკვეთი, გადაწყვიტა აღნიშნული ჩანაწერის გამოყენებით თაღლითური გზით, მის სახელზე დაერეგისტრირებინა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში, მის ნაკვეთთან ახლოს მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 6001 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ამ მიზნით საკადასტრო აზომვითი ნახაზი შეადგინა.

"მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა იზა წ-მ არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, სათანადოდ არ გამოიკვლია წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გამოსცა ბრძანებები, რომელშიც მიუთითა, რომ კახა ბ-ს მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც სუს-ში ამბობენ, სწორედ ამ დოკუმენტის გამოყენებით კახა ბ-მ 6001 კვ.მ. ფართობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 30 005 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი მის სახელზე უკანონოდ დაირეგისტრირა.

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს), დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე (სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს) მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

აღნიშნული მიწის ნაკვეთი გამოძიების მიერ დაყადაღებულია და დაწყებულია პროცედურები ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დასაბრუნებლად.


Print