ახალი ამბები
ნოქალაქევში ვეტერანი სამხედროების რესოციალიზაციის პროგრამის მეორე ეტაპი სრულდება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსში ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამის II ეტაპი სრულდება. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს. 

ამავე ცნობით, პროექტი, რომელიც ექიმების მეთვალყურეობით, ვეტერანი სამხედროების ქართულ-ბრიტანული არქეოლოგიურ სამეცნიერო ექსპედიციაში მონაწილეობას გულისხმობს, უკვე მეორე წელია ხორციელდება. სამშვიდობო მისიებში მონაწილეთა ფსიქო-ემოციური და სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, სამხედროები ჩართულები არიან როგორც საველე, ისე ლაბორატორიულ სამუშაოებში.

სააგენტოში ამბობენ, რომ არქეოლოგიური კვლევა-ძიების 1 თვიან პროცესში წელს 5 ქართველი ვეტერანი სამხედრო პირი ჩაერთო.



პროგრამა ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსზე გასულ წელსაც განხორციელდა, სადაც ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ვინჩესტერის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროგრამაზე მოსწავლე სამი ბრიტანელი ვეტერანი ჯარისკაციც მონაწილეობდა.

ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსში არქეოლოგიური გათხრების პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მოინახულა. 


ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.
საქართველოს კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობის მიზნით, მიდმინარე წელს ხელმოწერილი დოკუმენტი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანების, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო პირების, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში აქტიურად ჩართვას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ნოქალაქევში ქართველი და ბრიტანელი სამხედრო ვეტერანების რესოციალიზაციის პროექტი დაიხურა
Print