ახალი ამბები
ფოთის „კოლხეთის“ მწვრთნელად იტალიელი სპეციალისტი ინიშნება
იტალიელი მწვრთნელი რობერტო ლანდი უკვე ფოთშია. ის ფოთის ,,კოლხეთი 1913''-ის მთავარ მწვრთნელად ინიშნება. ინფორმაცია კლუბის მედია ოფიცერმა გია ეჯიბიამ გაავრცელა. ფეხბურთელის კარიერის დროს ლანდი მეკარე იყო და მშობლიური ქვეყნის პიაჩენცას, მოდენას, რიმინისა და სიენას გუნდებში უთამაშია. ასევე დაუცავს სამხრეთ აფრიკული ,,კაიზერ ჩიფსის'', კანადური ,,ვანკუვერ უაიტკეპსის'' და აშშ-ს გუნდების ჩიკაგოს ,,სტინგის'' და ნიუ-იორკის ,,კოსმოსის'' ღირსება.

1998-2000 წლებში იგი სათავეში ედგა საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს. ასევე ხელმძღვანელობდა ანალოგიური ასაკის ლიტვისა და კატარის ნაკრებ გუნდებს. საკლუბო დონეზე უმუშავია უნგრეთში რუმინეთში, შოტლანდიასა და ბელგიაში. 1990 და 1994 წლების მსოფლიო ჩემპიონატებისათვის ლანდი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გუნდის მეკარეებს ამზადებდა. 2011 წელს ლიბერიული ფეხბურთის ლეგენდის, ჟორჟ ვეას რეკომდაციით დაინიშნა ამავე ქვეყნის პირველი ნაკრების მთავარ მწვრთნელად სადაც 2 წელი იმუშავა. 2014-2015 წლებში ლანდი ფიფას სამწვრთნელო პროგრამის კონსულტანტად მუშაობდა.

გუნდის ხელმძღვანელობა ახალ მთავარ მწვრთნელს ფეხბურთელებს დღეს წარუდგენს.


Print