ახალი ამბები
თაფლის ფესტივალი ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე "თაფლის ფესტივალი" მიმდინარეობს, რომელშიც ადგილობრივი მეწარმეები იღებენ მონაწილეობას. აქ მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ, ცაცხვის, აკაციის და წაბლის თაფლი. მათ საკუთარი პროდუქცია სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში აქვთ გამოფენილი.


"თაფლს ვაწარმოებ  სოფელ ყულიშკარში. მაისის ანუ აკაციის სეზონის დამთავრების შემდეგ მიმყავს სვანეთში, კერძოდ ჭუბერში. იქ ვაწარმოებ ცაცხვისა და წაბლის თაფლს. დღეს წარმოდგენილი მაქვს, როგორც აკაციის ასევე ცაცხვის თაფლი", - ამბობს მეფუტკრე პაატა თოდუა.

თაფლის გარდა, აქ წარმოდგენილია ფიჭა, ფუტკრის რძე, ყვავილის მტვერი, სხვადასხვა ფორმის სანთლები, თაფლაკვერები, დინდგელი და სხვა. ფესტივალზე ფუტკრებსაც შეხვდებით, რომლებიც სპეციალურად დამზადებულ ყუთებში ჰყავდათ მოთავსებულნი. კოოპერატივის "ნექტარი - 2016" წარმომადგენელმა თინათინ ბულიამ გვითხრა, რომ წარმოდგენილი ფუტკრებისგან საუკეთესო დედა ფუტკრები გამოჰყავთ.

"ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა გითხრათ, რომ გვაქვს ფუტკრის უნივერსალური საკვები, რომელსაც ჩვენ თვითონ ვამზადებთ. ეს არის თაფლთან მიახლოებული ინვერსიული სიროპი ", - გვითხრა მან.

ადგილობრივების გარდა "თაფლის ფესტივალს" უცხოელებიც სტუმრობდნენ. როგორც მათ რადიო "ათინათს"   უთხრეს, ქართული თაფლი უკვე დააგემოვნეს და ძალიან მოეწონათ.

"ძალიან მომწონს ეს ფესტივალი. კარგად არის ორგანიზებული და თემატურად არის განლაგებული პავილიონები. ძალიან მომწონს, რომ ყველაფრის დაგემოვნება შეიძლება, ყველაფერი ძალიან გემრიელია",- ირინა ხაპერსკაიამ.

ფესტივალის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.  მათი თქმით, ღონისძიების მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და თაფლის წარმოების, როგორც დარგობრივი მიმართულების პოპულარიზაციაა. 


Print