რეგიონი
„პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ - პროექტის შედეგების პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის „პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე პეტიციების ინიცირების, განხილვისა და მოქალაქეთა ჩართულობის არსებულ პრაქტიკაზე ისაუბრეს. აღნიშნული პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2016 წელს დაიწყო. ის „დემოკრატიის ინსტიტუტმა, ასოციაცია „ათინათთან“ და საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიართან“ პარტნიორობით განახორციელა.

პროექტის შედეგებზე შეკრებილებს დეტალური ინფორმაცია "დემოკრატიის ინსტიტუტის" აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ ხახუტაშვილიმა მიაწოდა. მისი თქმით, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის, თემის პრობლემების გამოვლენის, პეტიციების მომზადებისა და საკრებულოებში ინიცირების მიზნით შეხვედრები სამიზნე მუნიციპალიტეტების 130-ზე მეტ დასახლებასა და სოფელში გაიმართა. მისივე ინფორმაციით, ჯამში პროექტის ფარგლებში 200-მდე შეკრება ჩატარდა, რომელშიც 2 848 მოქალაქე მონაწილეობდა.

გარდა ამისა, აქტიური მოქალაქეების ინიციატივით, აჭარის, გურიის და სამეგრელო ზემო-სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინიცირებულ 158 პეტიციაზე 75 356 ხელმოწერა შეგროვდა, ხოლო საკრებულოებში წარდგენილი 158 საპეტიციო საკითხიდან, 48 სრულად, ხოლო 73 - ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 37 კი არ დაკმაყოფილდა.

ორგანიზაციის ცნობით, პარალელურად 75 სამუშაო შეხვედრა შედგა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. ასევე, რეკომენდაციების განხილვის და პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით პროექტის გუნდი შეხვდა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთ-ერთ მთავარ მიღწევად პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის რეგულაციის ამოქმედებას მიიჩნევენ.

როგორც ხახუტაშვილმა აღნიშნა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებზე ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემები სახელდებოდა. ასევე, გამოიკვეთა ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება.

„პროექტს ჰქონდა მნიშვნელოვანი მისია, როდესაც არცერთ მუნიციპალიტეტში არ არსებობდა პრეცედენტი პეტიციების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღებისა. პროექტის მიზანი იყო უშუალოდ პრობლემის მოგვარების ხელშეწყობა, მოქალაქეთა გააქტიურება და ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რა არის პეტიცია. ასევე საკრებულოებში პეტიციების განხილვის პრაქტიკის დანერგვა და სამართლებლივი დებულების კუთხით დახმარების აღმოჩენა“, - აღნიშნა მან.

პროექტი, რომელიც ფინანსურად USAID-ის მიერ იყო მხარდაჭერილი, აჭარის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ 20 მუნიციპალიტეტს მოიცავდა.
Print