ახალი ამბები
გარემოს ეროვნული სააგენტო ლეხზირის მყინვართან დაკავშირებით: წყლის დონე ნორმის ფარგლებშია (ვიდეო)
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა  მყინვარი ლეხზირი დაათვალიერეს და არსებული ვითარება შეაფასეს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამავე ცნობით, მყინვარ ლეხზირის ენიდან დაახლოებით 400 მეტრში ყინულის მასების ჩამოშლის შედეგად წყალი შეგუბდა, თუმცა ამ დროისთვისვის აღნიშნული პრობლემა აღარ ფიქსირდება.

„მდინარე მესტიაჭალის ქვემო წელში მდინარე მულხურას შესართავთან ახლოს განთავსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემებით, მდინარეში წყლის დონე ნორმის ფარგლებშია.ამ დროისათვის ვითარება სტაბილურია და საფრთხე არ არსებობს. სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ პროცესის მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.



დღის ბოლოს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმაც. უწყებაში აღნიშნეს, რომ მთიდან ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია, რადგან წყლის დონემ იკლო.

„ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. ვითარება ექვემდებარება კონტროლს. არცერთი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში.


ფოტო, ვიდეო: საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური

ამავე თემაზე:

საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტო ლეხზირთან დაკავშირებით: დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა

Print