რეგიონი
მესტია საქართველო-ისრაელის ქირურგთა საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლებს
9-10 აგვისტოს სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საქართველო-ისრაელის ქირურგთა საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლებს. შეხვედრა საერთაშორისო პრაქტიკული კონფერენციის ფარგლებში იმართება. მსჯელობის მთავარი თემა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევათა აქტუალური პრობლემები იქნება. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე ცნობით, აღნიშნულ სიმპოზიუმში, ქართველ და ებრაელ ქირურგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები.

ღონისძიების ფარგლებში 11 აგვისტოს, ასევე ჩატარდება ჰუმანიტარული აქცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის - პაციენტებს გაუწევენ უფასო კვლევა -კონსულტაციებს მსოფლიო და საქართველოს წამყვანი სპეციალისტები შემდეგი მიმართულებებით: კარდიოლოგია, გასტროენტეროლოგია, ექოსკოპია,  ჰეპატოლოგია და ქირურგია.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან "საქართველოს ექიმთა ასოციაცია", ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მესტიის მუნიციპალიტეტის მერია.

პაციენტების მიღება მოხდება მესტიის საავადმყოფო ამბულატორიულ გაერთიანებაში.
Print