ახალი ამბები
ზუგდიდში მოქალაქეები იმ მიუსაფარ ძაღლებს ეძებენ, რომლებსაც უვლიდნენ
ზუგდიდელი ცხოველების მოყვარულები მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურს უპატრონო ძაღლების უკანონო დაძინებასა და მათთვის გაურკვეველ ადგილზე გადაყვანაში ადანაშაულებენ. ზუგდიდში, სვანური კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრის მოვაჭრეები, რამდენიმე დღეა, 15-მდე მიუსაფარ ცხოველს ეძებენ.

რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, უთხრა, რომ მდინარე ჩხოუშის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე დღის განმავლობაში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც ამავე სამსახურის მანქანით გადაადგილდებობდნენ და ფორმებიც ეცვათ, ძაღლები დააძინეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

„ხუთშაბათს დილით რომ მოვედი, 6 ძაღლი იყო დაკარგული. გუშინ საღამოს რომ წავედი, სხვა ძაღლები აქ დავტოვე და დილით დაცვამ მითხრა, ის სამი ძაღლიც გაიყვანა დასუფთავებამო. პურს უგდებდნენ რაღაცაში, რომელსაც ეს ძაღლები ჭამდნენ და მაშინვე იძინებდნენო. ასე უპასუხნიათ, თბილისში მიგვყავსო. წლებია, ერთ ძაღლს განსაკუთრებით ვუვლიდი, კოჭლი იყო და ცალი თვალი არ ჰქონდა, ძალიან დამწყდა გული“, - თქვა მან.

ცხოველების მოყვარულები კი, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლებს უვლიდნენ, ითხოვენ, რომ ცხოველები იმავე ადგილზე დააბრუნონ, საიდანაც აიყვანეს.

„როგორც ინფორმაცია მომაწოდეს, ღამის 3-4 საათზე ძაღლები ჩხოუშის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს და ეს გააკეთეს, როგორც დაცვის თანამშრომელი აღნიშნავს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა. ამ საკითხის გასარკვევად მივედით დასუფთავების სამსახურში. უფროსი შვებულებაში ყოფილა გასული. მისმა თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ მათ გაუყვანიათ, თუმცა დაცვის თანამშრომელი დაზუსტებით მიუთითებს, რომ ისინი იყვნენ. ვითხოვ, რომ ეს ცხოველები დაუბრუნდნენ ამ ტერიტორიაზე. ვიცი, ორგანიზაცია „მერკურიც“ აპირებს ამ საქმეზე მერიას განცხადებით მიმართავს“, -თქვა მოქალაქე ნონა ნაჭყებიამ.

მისივე ინფორმაციით, ღამის საათებში მიუსაფარი ძაღლების ამ ფორმით გაყვანა ნახა კიდევ ერთმა ადამიანმა.

„იმ კაცმა მითხრა, რომ დასუფთავების მანქანასთან ერთად იყო „ჟიგულის“ მარკის წითელი ავტომობილი, რომელსაც მისაბმელი ჰქონდა“, - ამბობს ნაჭყებია.

თავის მხრივ, მოქალაქეების ბრალდებებს უარყოფენ დასუფთავების სამსახურში. მერიის აიიპ-ში ამბობენ, რომ ძაღლების ქალაქიდან გაყვანა ან ცხოველების დაძინება მათი კომპეტენცია არ არის.

რადიო „ათინათი“ ინდივიდუალურ მეწარმეს გიორგი მაღლაფერიძესაც დაუკავშირდა, რომელსაც ძაღლები ქალაქიდან ოზურგეთის თავშესაფარში გადაყავს. ის ამბობს, რომ ზუგდიდიდან 24 მიუსაფარი ძაღლი ბოლოს 27 ივლისს გაიყვანა. ამ ინფორმაციას ადასტურებს მერიის ზედამხედველობის სამსახური. ლაშა ჯაიანმა გვითხრა, რომ ქალაქიდან ოზურგეთის თავშესაფარში ცხოველები 27 ივლისის შემდეგ ნამდვილად არ გაუყვანიათ. რაც შეეხება მოქალაქეების ბრალდებებს, ჯაიანი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და დასუფთავების სამსახურს ძაღლები არსად მიჰყავს.









Print