რეგიონი
კორცხელის საქმეზე განაჩენი დღეს გახდება ცნობილი
ე.წ. „კორცხელის საქმეზე“ 5 ბრალდებულის მიმართ განაჩენს ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს გამოაცხადებს. მოსამართლე შოთა ბიჭია გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბირო ოთახშია გასული. მანამდე ის, თითქმის, ორი საათის განმავლობაში ისმენდა ბრალდებისა და დაცვის მხარეების დასკვნით სიტყვებს.

პროკურორმა საკუთარ სიტყვაში კიდევ ერთხელ გამოიყენა მოწმეთა ჩვენებები, ვიდეომტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და ბრალდებული სპორტსმენებისთვის გამამტყუნებელი განაჩენი მოითხოვა. კერძოდ, ბრალდების მხარე გიორგი გიგაურის, კობა ტყეშელაშვილის, ნოშრევან წუწრუმიასა და გიორგი გოგიძის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს 239-ე მუხლის გათვალისწინებით ითხოვს, რაც წინასწარი შეცნობით ჯგუფის მიერ ხულიგნობას გულისხმოვს და სასჯელის სახით ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოებს ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.  

რაც შეეხება ვლადიმერ გეგეშიძეს, მას გამოძიება ამავე ქმედებას იარაღის გამოყენებით ედავება.

სპორტსმენების ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ საზოგადოებრივი წესრიგი ნამდვილად დაირღვა, თუმცა ბრალდებულების მხრიდან საზოგადოებისადმი უპატივცემლობა და შესაბამისად, ხულიგნობა, მისი მტკიცებით, არ ყოფილა. ბელთაძის თქმით, ჩხუბის პროვოცირება შემდგომში დაზარალებულად ცნობილმა ნიკანორ მელიამ მოახდინა.

სხდომას ყველა ბრალდებული ესწრება, გარდა ვლადიმერ გეგეშიძისა, რომელიც, როგორც მან თქვა, თურქეთში იმყოფება და პროცესს სკაიპის საშუალებით ერთვება.

2016 წლის 22 მაისს გამართულ შუალედურ არჩევნებში კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე მათგანმა დაზიანებები მიიღო, რომელთა ნაწილიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარებს. 


ამავე თემაზე:

ე.წ. კორცხელის საქმეზე ბრალდებულები დაიკითხნენ
Print