რეგიონი
კორცხელის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას მოსამართლე 40 წუთი ასაბუთებდა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ე.წ. კორცხელის საქმის განხილვა, რომელიც, თითქმის, ორი წელი მიმდინარეობდა, დასრულდა. მოსამართლემ ბრალდებულებს ხულიგნობის მუხლი ცემის მუხლით გადაუკვალიფიცირა. შოთა ბიჭიამ გადაწყვეტილება 4 საათიანი თათბირის შემდეგ მიიღო. შედეგად,  ხუთივე ბრალდებულს ჯარიმების გადახდა მოუწევს.
განაჩენის გამოცხადებამდე შოთა ბიჭია, დაახლოებით, 40 წუთი განმარტავდა, რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. მან თქვა, რომ საქმისადმი მაღალი საზოგდოებრივი ინტერესიდან გამომდინარე რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე გაამახვილებდა ყურადღებას.

"სასამართლო ვალდებულია, წარდგენილი კვალიფიკაციის ფარგლებში განიხილოს საქმე და არ გახდეს დევნის ორგანო. ხელმძღვანელობს დადგენილებით, რომ კონკრეტულად უნდა იყოს ფაქტი და ქმედება, რომლებზეც საუბრობს პროკურატურა, რადგან ძიების უფლებამოსილება სასამართლოს არ გააჩნია. აქ იყო საუბარი უფრო მძიმე ბრალდებებზე, სხვა პირებზეც, იყო პოლიტიკური განცხადებებიც, თუმცა ბრალდება განიხილება მხოლოდ მათ მიმართ, ვისაც აქვთ წარდგენილი ბრალი. სასამართლო სხვა პირების მიერ ჩადენილ ქმედებებს ვერ შეაფასებს, ისევე, როგორც ვერ დააყენებს ვინმეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს", - აღნიშნა ბიჭიამ.

რაც შეეხება კონკრეტულად ბრალდებას, ბიჭიამ განმარტა, რომ ხულიგნობა, რომელიც თავის თავში სამ კომპონენტს - საზოგადოების მიმართ უპატივცემლობას, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და ძალადობას გულისხმობს, არ იყო საკმარისად დასაბუთებული.

"პირველი ორი კომპონტეტის შემთხვევაში არ იყო კონკრეტული ფაქტები მოყვანილი, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები. არსებული მტკიცებულებებით კი დგინდება, რომ ბრალდებულები არ იგინებოდნენ უმისამართოდ, ყოველ ძალადობის ეპიზოდს ჰქონდა მიზეზი, მაგალითად, აღელვება და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო შურისძიება. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ ძალადობა და არა ხულიგნობა. ნიკანორ მელიასთან დაპირისპირების დაწყებამდე არ ყოფილა არავითარი სიტყვიერი შეურაცხყოფაც", - დასძინა მოსამართლემ.

აღნიშნულის შემდეგ კი მან განაჩენი გამოაცხადა და თქვა, რომ ბრალდებულებს აღკვეთის სახით დაკისრებული გირაოც უნდა დაუბრუნდეთ.

გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩა დაცვის მხარე, რადგან ადვოკატის ზურაბ ბელთაძის თქმით, სპორტსმენებს ხულოგნობა არ ჩაუდენიათ.

რაც შეეხება პროკურორს, მან თქვა, რომ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას დაელოდება და შემდეგ გადაწყვეტს, გაასაჩივროს თუ არა.

საბოლოოდ, მოსაამართლემ გიორგი გოგიძეს 3000 ლარის გადახდა დააკისრა, გიორგი გიგაურს - 4000, ნოშრევან წურწუმიას - 5000, კობა ტყეშელაშვილს - 6000 ლარის.

ვლადიმერ გეგეშიძეს კი, რომელსაც ბრალად რამდენიმე პირის მიმართ ძალადობის განხორციელება ედება, ჯარიმის სახით 7000 ლარის გადახდა მოუწევს.

2016 წლის 22 მაისს გამართულ შუალედურ არჩევნებში კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე მათგანმა დაზიანებები მიიღო, რომელთა ნაწილიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა"" ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარებდა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის სასამართლომ კორცხელის ინციდენტში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

Print