ახალი ამბები
აგვისტოს ომის გმირები სამეგრელოდან (ვიდეო)
სამეგრელოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს 37 ადამიანი დაიღუპა. ზუგდიდიდან ომს კაპრალები 22 წლის ბადრი ბერანძე, 20 წლის სერგეი გოროზია და 20 წლის დავით ჯიქია ემსხვერპლნენ.

შემდგომში ვახტანგ გოგრასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით დაჯილდოვებულები ბადრი ბერანძე და სერგეი გოროზია ცხინვალის ბრძოლებში დაიღუპნენ, მხედრული მამაცობის მედლით დაჯილდოებული დავით ჯიქია კი თამარაშენის დაბომბვის დროს დაიღუპა.

სენაკიდან ომს 5 ადამიანის სიცოხლე შეეწირა. ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა მხედრული მამაცობის მედლით დაჯილდოებული კაპრალი თემურ ბოკუჩავა, კაპრალი ლევან თეფანია კი საომარი მოქმედებისას, ცხინვალის მისადგომებთან, სოფელ ხეთაგუროვაში გარდაიცვალა. მეირა ინჯგია, ჯონი ქარდავა და როლანდ ქარდავა კი სენაკში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისას დაიღუპნენ.

მარტვილიდან აგვისტოს ომის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა. მაიორი გელა ჭედია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული, კაპრალი გიზო წულაია მხედრული მამაცობის მედლით დააჯილდოეს, ბესიკ ხულორდავა სამართალდამცავი იყო, უმცროსი სერჟანტი პაატა კოპალიანი კი გმირული სიკვდილის შემდეგ მხედრული მამაცობის მედლის მფლობელია.

11 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა წალენჯიხელი კაპრალი კობა ხარჩილავა, რომელიც, ასევე მხედრული მამაცობის მედლითაა დაჯილდოებული. მის გარდა აგვისტოს ომს ემსხპერლნენ კეკე, ენვერ და დოდო ჭანიები, რომლებიც გორის გზატკეცილზე სამარშუტო ტაქსით გადაადგილებოდნენ.

კაპრალი კობა წურწუმია, რომელიც ჩხოროწყუდან იყო, 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. ის მხედრული მამაცობის მედლითაა დაჯილდოებული.

აგვისტოს ომის დროს ხობის მუნიციპალიტეტიდან რეზერვისტები გოგა ბერაია, ლევან ჭოჭუა, დათა ხურცილავა, მიხეილ იოსავა და გოგა ჭითანავა დაიღუპნენ. თითოეული მათგანი მხედრული მამაცობისთვის მედლით დააჯილდოეს. ასევე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ ზვიად დათუაშვილი და გოგიტა ქარჩავა. სამართალდამცავი რამაზ კიტია კი ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენითაა დაჯილდეობული.

ომს ემსხვერპლა მშვიდობიანი მოქალაქე ლევან ტურავაც.

უფროსი ლეიტენანტი აბაშიდან სერგო მელია ცხინვალთან დაიღუპა, ის, ისევე, როგორც გიორგი ნადარეიშვილი ვახტანგ გორგასლის 1 ხარისხის მედლებით დაჯილდოვდნენ. ნადარეიშვილი შინდისთან დაიღუპა.

ფოთელი ზვიად ბარბაქაძე კაპრალი იყო. ის ფოთში დაიღუპა, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია მხედრული მამაცობის მედლით, ისევე, როგორც რეზერვისტვები შალვა გაბუნია და ოთარ კიკალეიშვილი, კაპრალები თემურ ფიჩხაია და გიორგი ღვინჯილია.

ფოთში ომს ასევე ემსხვერპლნენ გოჩა კაცაძე, ზვიად ჩიჩუა, ზურაბ ნანავა და გელა ჯიქია.



Print