რეგიონი
ელიზაბეთ რუდი: კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის ბევრს ვმუშაობთ
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ზუგდიდში ყოფნისას რუსეთ-საქართველო ომი შეაფასა. მისი თქმით, ეს იყო ომი, რომელმაც ასობით ადამიანი იმსხვერპლა, ათიათასობით ადამიანს კი საკუთარი სახლ-კარი იძულებით დაატოვებინა.

„დღეს არის საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავი, ომი, რომელმაც იმსხვერპლა ასობით ადამიანი, ათასობით დაიჭრა, ხოლო ათიათასობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი. შედეგად, ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ნამდვილად რთული სიტუაციაა. აშშ-ს მთავრობის პოზიცია გახლავთ ის, რომ იგი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ერთად იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი გადაწყდეს მშვიდობიანად“, - განაცხადა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ელიზაბეთ რუთი დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში იმყოფებოდა. მან გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, „საქართველოს თხილის ასოციაციის“ ხელმძღვანელთან და FERRERO-ს წარმომადგენელთან ერთად თხილის საშრობ-სასაწყობე საწარმოს გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

Print