ახალი ამბები
პრეზიდენტი აგვისტოს ომის 10 წლისთავზე სენაკის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა
რუსეთის სამხედრო აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სენაკში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადას ეწვია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  სამხედრო მოსამსახურეებმა ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს. გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და განსაკუთრებით აღნიშნა ქართული შეიარაღებული ძალების ღვაწლი და სიმტკიცე ქვეყნის ინტერესების ღირსეულად დაცვის საქმეში.




„დღეს თქვენ აქ დგახართ ბევრად უკეთ შეიარაღებულები, ბევრად უკეთესი ცოდნით და ბევრად უფრო ძლიერი სახელმწიფო გიმაგრებთ ზურგს. თქვენ გვერდით დგას და თქვენი მოკავშირეა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო გაერთიანება... დღეს მე თქვენთან ერთად ვდგავარ და ვგლოვობ ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ჟურნალისტებს, ჩვენს ექიმებს, რომლებიც შეეწირნენ იმ ტრაგიკულ დღეებს, მაგრამ აქ თქვენთან ერთად ვდგავარ და მე ვხედავ იმ გამარჯვებას, რომელსაც თქვენი რწმენა და სიმტკიცე მიაღწევს. ამ რწმენით თქვენ ეუფლებით საბრძოლო ხელოვნებას, ითვისებთ ახალ ტექნიკას, მონაწილეობთ ნატოსა და ჩვენი მოკავშირეების მანევრებში და წვრთნებში, თქვენ მონაწილეობთ სამშვიდობო მისიებში, თქვენ მაღლა აწიეთ საქართველოს დროშა და ამ დროშას მარტო გამარჯვებები უწერია. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ღმერთი ფარავდეს საქართველოს,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.



მანსენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა. გიორგი მარგველაშვილმა საპატიო წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
Print