ახალი ამბები
მინისტრის მოადგილე ხაიშელებს: მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ ყველა არსებული პოტენციალი
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, ადგილობრივ მოსახლეობასთან და მეწარმეებთან შეხვედრა გამართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. შეხვედრას ამავე უწყების უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი მეწარმეები დაესწრნენ.

მოსახლეობამ და მეწარმეებმა მესტიის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის მოპოვების, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების დროს შექმნილი პრობლემების შესახებ ისაუბრეს.



“მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მაქსიმალურად გამოიყენოს ის პოტენციალი, რა პოტენციალიც გააჩნია ამ რეგიონს, როგორც ხე-ტყის მოპოვების, ისე სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების კუთხით. ჩვენ უნდა შევძლოთ ტყის რესურსების მდგრადი მართვა, ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა“, - უთხრა ადგილობრივებს იური ნოზაძემ.

შეხვედრაზე, სახერხი საამქროების მფლობელებსა და მოსახლეობას "საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტების (სახერხი საამქროს) ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები და მათი ამოქმედების ვადები გააცნეს.
Print