ახალი ამბები
ზუგდიდში წინასაარჩევნო სტენდებისა და ღონისძიებებისთვის ადგილები განისაზღვრა
შემოდგომაზე გასამართი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სტენდების და მასზე გასაკრავი პლაკატებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყო. შესაბამის განკარგულებას მხარი დღეს საკრებულოს სხდომაზე დაუჭირეს.



სულ ზუგდიდში ასეთი 74 სტენდი განთავსდება. აქედან 13 ქალაქის, დანარჩენი კი სოფლის ტერიტორიებზე. თითოზე კი საარჩევნო სუბიექტებს სულ 3-3 პლაკატის გაკვრა შეეძლებათ.

გარდა ამისა, საარჩევნო პლაკატების განთავსება შეიძლება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე, გარე განათების ბოძებსა და მგზავრთა მოსაცდელებში.

სააგიტაციო მასალების განთავსება აკრძალულია საკულტო ნაგებობზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, სუს-ის, დაზვერვის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობებზე.

რაც შეეხება საარჩევნო ღონისძიებების ადგილს, სუბიექტებს მსგავსი აქტოვობებისთვის კულტურის სახლ "ოდიშის" შენობა გამოეყოთ.

წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების ჩამოხსნა სუბიექტებმა არჩევნების დასრულებიდან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

Print