რეგიონი
ქეთევან ციხელაშვილი - აფხაზებთან და ოსებთან დიალოგი აუცილებელია
აფხაზებთან და ოსებთან დიალოგი აუცილებელია. ამის შესახებ მზაობა არაერთხელ გამოგვითქვამს და ცხადია, ღია ვართ, - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას ინტერვიუს, რომელშიც ქართულ მხარესთან დიალოგზე საუბრობს.

"ამგვარი დიალოგი ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებადაა მონიშნული. შესაბამისი ფორმის განსაზღვრა კი, სხვადასხვა დონეზე, აბსოლუტურად შესაძლებელია, პოლიტიზირების გარეშე, რისი გამოცდილებაც თავადაც გვაქვს, თუ სხვებს არ დავესესხებით",- აღნიშნავს ქეთევან ციხელაშვილი.

მისივე თქმით, ახალ შესაძლებლობებს აჩენს ასევე სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ახლახან წარმოადგინეს და რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის კონტაქტების წახალისების, ურთიერთობების გაღრმავების, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და დიალოგის გაშლისკენ.

"ეს გზა აუცილებლად გულისხმობს დაპირისპირებების დაძლევას დიალოგის გზით, რაც თავის მხრივ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საფუძველია", - მიიჩნევს ქეთევან ციხელაშვილი.

დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ "ეხო მასკვისთან" ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონფლიქტი ეთნიკურზე მეტად პოლიტიკური იყო. შამბამ თქვა, რომ ქართველებს მტრად არ მიიჩნევს და ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს.

Print