რეგიონი
მოქალაქე ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
ზუგდიდის მკვიდრი თემურ ზარანდია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უფლებამოსილების გადამეტებაში და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ის ავტომობილით მოძრაობისას სამართალდამცავებმა მობილურ ტელეფონზე საუბრის გამო გააჩერეს.

"ვმოძრაობდი, 20კმ საათის სიჩქარით, ტელეფონს ვუპასუხე და მაშინვე გავთიშე და ხელში მეჭირა. გამაჩერა პატრულმა. დავუწყე ახსნა-განმარტებები, რომ სულ ერთი წამით ვუპასუხე და ა.შ. ჩვენს შორის იყო მცირე კამათი, თუმცა შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ამის გამო რომ მაჯარიმებთ არის იდიოტიზმი. შელაპარაკება მალევე შეწყდა, თუმცა ამ დროს მოვიდა ერთი და დამაკავა, მაშინ როდესაც ამის აუცილებლობა არ იყო და არც დაუმორჩილებლობა გამომიხატავს", - ამბობს მოქალაქე.

მისი თქმით, მან მთელი ღამე სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა.

"თუ ვინმე არის ამ ქვეყნად, რომელსაც აინტერესებს მოქალაქის უფლებები, ამოიღონ ჩანაწერი, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აწარმოებენ და იქ ნახავენ იყო თუ არა ჩემი მხრიდან რაიმე გადაცდომა", - თქვა თემურ ზარანდიამ

მოქალაქე ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის , გენინსპექციას მიმართავს და ამ საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

რადიო "ათინათი" შს სამინისტროს კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.



Print