ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ „განმუხურის ბოტანიკური ბაღის“ ხარჯებზე გამოთხოვილი ინფორმაცია არ გასცა
რადიო „ათინათმა“ მიმდინარე წლის 25 ივლისს ზუგდიდის მერიისგან საჯარო ინფორმაციის სახით ააიპ „განმუხურის ბოტანიკური ბაღის“ საქმიანობისა და ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

პირველად წერილი მერიისგან 30 ივლისს მივიღეთ. წერილში აღნიშნული იყო, ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია მოძიებასა და დამუშავებას საჭიროებდა, რაც გარკვეულ დროს მოითხოვდა და ინფორმაციას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ათ სამუშაო დღეში მოგვაწვდიდნენ. საჯარო დაწესებულებიდან შესაბამისი პასუხი 14 სამუშაო დღის შემდეგაც არ მიგვიღია.

ზუგდიდის მერიაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ სამსახურს ინფორმაცია ჯერ არ მოუმზადებია.

მერიისგან ინფორმაციის გამოთხოვა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ განმუხურში ბოტანიკური ბაღის გაშენებაზე უარს ამბობდა. სწორედ ამ ბოტანიკური ბაღისთვის შეიქმენა ააიპი 2016 წელს მერიაში და აღნიშნულ სამსახურში 8 ადამიანი იყო დასაქმებული.

ჩვენ გვაინტერესებდა, კონკრეტულად რაში დაიხარჯა თანხები მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე მანამ, სანამ ახალი ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“ შეიქმნებოდა.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბიუჯეტიდან განმუხურის ბოტანიკური ბაღისთვის ორი წლის განმავლობაში 150 000 ლარი გამოიყო
Print