ახალი ამბები
იტალიაში ფესტივალი იმართება, რომელიც სვანეთის კულტურას ეძღვნება
იტალიის ქალაქ ბრუნეკში, „მთის ხალხების ფესიტავლი“ იმართება, რომელიც სვანეთის კულტურას ეძღვნება. ფესტივალის ფარგლებში დღეს რეინჰოლდ მესნერის მთის მუზეუმებში „რიპა“ სვანური მატერიალური და არამატერიალური ძეგლების პრეზენტაცია მოეწყობა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოეწყობა სვანური კულტურისადმი მიძღვნილი საგამოფენო-სადემონსტრაციო სივრცე. ხალხური რეწვის ოსტატები დაამზადებენ სვანურ ქუდს, წარმოდგენილი იქნება სვანური ტრადიციული ინსტრუმენტების შექმნის ისტორია და დამზადების ტექნოლოგია, გაიმართება ლექცია ხეზე ჭრის ტრადიციის შესახებ და ქართული ეროვნული სამზარეულოს დეგუსტაცია სვანური მარილის ჩათვლით.

მესნერის მთის მუზეუმების ქსელის მიერ ორგანიზებული „მთის ხალხების ფესტივალი“ არის ცნობილი ღონისძიება ფოლკლორის სფეროში, რომელიც ეძღვნება მთის ხალხების კულტურის პოპულარიზაციას, იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ.

ცნობილი ალპინისტი იტალიის ქალაქ „ბრუნეკში“ პრეზენტაციას გამართავს სვანეთში, კავკასიის პირველი მთის ცენტრის მშენებლობის შესახებ.

ფესტივალს იტალიის ადგილობრივი ხელისუფლება, კულტურისა და სამთო ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

Print