რეგიონი
დღეს ფერიცვალებაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა–ლოცვა შერულდება. ფერიცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

სახარების მიხედვით, მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ" (მათე XVII, 5).

ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერიცვალების ღამეს თაბორის მთაზე ღრუბლის მისვლა.

ფერიცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარიამობის მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია.
მასალის გამოყენების პირობები


Print