რეგიონი
"თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა იქნება (ვიდეო)
პარტია "თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა ზუგდიდში წარადგინეს. ის საარჩევნო კამპანიას სწორად ამ ქალაქიდან დაიწყებს. მან ქალაქის ხეივნის შუაგულში შეკრებილებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ ის მოქალაქეებს ყველა სხვა კანდიდატისგან განსხვავებულ საარჩევნო პროგრამას სთავაზობს.



"ჩემთვის მთავარია ხალხს ჰქონდეს არჩევანი. ყურადღებით ვაკვირდებოდი ამ პროცესებს და ჯერჯერობით ვინც მონაწილეობს არჩევნებში სუყველა სააკაშვილის მთავრობის მინისტრები არიან, ვაშაძეც, ბაქრაძეც და ზურაბიშვილიც... ჩვენ გვინდა, რომ ხალხს შევთავაზოთ ეროვნული ფასეულობები. ჩემს გარდა არც ერთი კანდიდატი, არ საუბრობს იმაზე, რომ მარიხუანა და ნარკოტიკი ეს არის სიკვდილი და დაუშვებელია ამის ლეგალიზაცია. ჩვენი პროგრამის პრიორიტეტი იქნება ის, რომ შეწყდეს ქვეყანაში არაბების, ირანელების თუ სხვა მიგრანტების მიღება და მათზე ბინადრობის უფლების გაცემა. და ასევე არავინ საუბრობს იმაზე, რომ ბანკებმა და მევახშეებმა შეჭამეს ეს ქვეყანა", - თქვა საპრეზიდენტო კანდიდატმა.

მანამდე, "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ძეგლი ყვავილებით შემკო და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

ამ დროისთვის, ცესკო-ში პრეზიდენტობის 23 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის, დავით უსუფაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, თეიმურაზ შანშიაშვილი, დავით ბაქრაძე და შალვა ნათელაშვილი და სხვ.

ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

Print