რეგიონი
ზუგდიდელ აუტისტ ბავშვს გიგი სიჭინავას ფილმში იღებენ (ვიდეო)
13 წლის ხელოვანს გიგი სიჭინავას, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, დოკუმენტურ ფილმში იღებენ. გადაღებები რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმში მიმდინარეობდა, მთავარ ლოკაციად კი დელფინარიუმი შეირჩა. გიგიმ დეფინებთან შეხვედრის შტაბეჭდილებები გაგვიზიარა. „გავიცანი დედა და შვილი დელფინები, მაია ერქვა დედას, მზისა - შვილს. მაიას, რომ მოვეფერე მზისამ კუდი გამკრა. მერე ორივეს ვაკოცე, გავისეირნე მათთან ერთად. კიდევ მინდა მათთან გასეირნება“, - თქვა გიგიმ.



აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის დედა ნათია სახოკიამ რადიო ,,ათინათთან’’ საუბარში აღნიშნა, რომ ფილმის მიზანი აუტიზმის მიმართ არსებული სტიგმის დაძლევაა. მისი თქმით, მას ამ ეტაპზე არა აქვს უფლება ისაუბროს ფილმის გადამღები ჯგუფისა და სცენარის შესახებ.

,, მე თვითონ, როგორც მშობელი, გაოცებული ვიყავი გიგის გამბედაობით, ის დღესაც ყვება, თუ როგორ გაიცნო დელფინები მაია და მზისა. მისთვის ეს უდიდესი გამოცდილებაა და მას ეს პროცესი ძალიან მოეწონა“, - ამბობს ის.

მისივე ინფორმაციით, გადაღებების შემდეგი ეტაპი შემოდგომაზე ზუგდიდში გაგრძელდება.

მანამდე, პატარა ხელოვანი საკუთარ სახელოსნოში ხატვას და სხვადასხვა ნაკეთობების შექმნას აგრძელებს.

ამავე თემაზე:

12 წლის ხელოვანის თავისუფალი სივრცე (ვიდეო)

"გიგის ინოვაციური მანქანები" - ზუგდიდელი მოზარდის გამოფენა ტექნოპარკში (ფოტო, ვიდეო)



Print