რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალმა გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესწავლა დაიწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში

რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს შეხვდა. ის მედიის წარმომადგენლებს სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა და მათგანაც მიიღო ინფორმაცია რეგიონში არსებულ პრობლემებზე. როგორც შეხვედრაზე გუბერნატორმა აღნიშნა მან თითოეული მუნიციპალიტეტის საქმიანობის შეისწავლა დაიწყო და ამ მიზნით, მისივე თქმით, სპეციალური კომისია შეიქმნება.

,,ჩვენ შეგვიძლია თითოეული მუნიციპალიტეტის საქმიანობა შევისწავლოთ. როდესაც კომისია შევა, შეისწავლის სად რა დარღვევაა. იმის მიხედვით, მერე რა სურათი გვექნება გუბერნატორს შეუძლია შეაჩეროს საკრებულოების უფლებამოსილება, თუ ის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება, თუმცა ამას სჭირდება დამტკიცება. ნეპოტიზმი, ტენდერები,ბიუჯეტის სახსრების საეჭვო განკარგვა, ყველაფერი ეს ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს, თუმცა ამას სჭირდება დამტკიცება", - ამბობს მოწერელია.

გუბერნატორის თქმით, მან რამდენიმე მუნიციპალიტეტის საქმიანობის მოკვლევა უკვე დაიწყო და გარკვეულ საკითხებზე, კერძოდ ტენდერებთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა.

,,ერთ-ერთ მუნიციპალიტეტს მხოლოდ საკანცელარიო ნივთებისთვის ათიათასობით ლარი აქვს დახარჯული. ასევე, ბიუჯეტის თანხები იხარჯება მუნიციპალიტეტების მიერ დაწესებულ დღესასწაულებზე. გავიხედოთ ქუჩაში, გადათხრილია გზები, მოუწესრიგებელია ბევრი რამ, და ამ დროს გაურკვეველ ღონისძიებებზე არ უნდა იხარჯებოდეს თანხები. ჩვენ გვაქვს ერთი ეროვნული დღესასწაული - 26 მაისი", - თქვა მან.

ალექსანდრე მოწერელია სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 21 აგვისტოს პრემირ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.

 

 

 

 


ამავე თემაზე:

ალექსანდრე მოწერელიამ უკმაყოფილო მოქალაქეები სასაუბროდ გუბერნიაში მიიწვია (ვიდეო)







 

Print