რეგიონი
რა შემთხვევაში შეუძლია გუბერნატორს მიმართოს მთავრობას საკრებულოს სა­ქმიანობის შეჩერების შესახებ
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალმა გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა, რომ მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესწავლა დაიწყო. ასევე აღნიშნა, რომ თუ გამოიკვეთება ისეთი დარღვევები, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება, მას შეუძლია წარმომადგენლობითი ორგანოს დაითხოვნის საკითხი დააყენოს.


ალექსანდრე მოწერელია

გუბერნატორის დებულების მე-5 მუხლის "თ" ქვეპუნქტი გვეუბნება, რომ სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის "კ" ქვეპუ­ნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს პრეზიდენ­ტი­ს­თვის წარდგენის მიზნით, საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადა­დე­ბებს ადგილ­ობ­რივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოე­ბის სა­ქმიანობის შე­ჩერების ან დათხოვნის შესახებ.

ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციის იურისტი, კონსტიტუციონალისტი გიორგი გოცირიძე საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის "კ" ქვეპუ­ნქტს განმარტავს და ამბობს, რომ ამ მუხლით წარმომადგენლობითი ორგანოს დათხოვნა რთული პროცესია და მსგავსი მაგალითი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ახსოვს. მისივე თქმით, გუბერნატორს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს დათხოვნის შესახებ მთავრობას რამდენიმე შემთხვევაში შეუძლია მიმართოს.

"73-ე მუხლის პირველი პუნქტის "კ" ქვეპუნქტის თანახმად, თუკი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას, ამ შემთხვევაში მათი დათხოვნის ინიცირების საკითხს ახდენს საქართველოს მთავრობა,  გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი და ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ანუ ეს სამი ორგანო მონაწილეობს ამ პროცესში. ეს არ არის გუბერნატორის დისკრეციული უფლებამოსილება... იმისთვის, რომ მოხდეს საკრებულოს დათხოვნა, უნდა დამტკიცდეს სამი გარემოებიდან ერთ-ერთი მაინც. ანუ ის, რომ სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს კონკრეტული საკრებულო, მაგალითად იგნორირებას უკეთებს და არ ემორჩილება ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც მთავრობამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღო. ან ვთქვათ, ქვეყნის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება ან ასეთი მოწოდებები ისმის საკრებულოში. ან მაგალითად, რომელიმე სახელმწიფო ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ასრულებს. მაგალითად, ომბუდსმენს ხელს უშლის ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე ზედამხედველობის განხორციელებას. ან კიდევ, იგნორირებას უკეთებს სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განმარტავს გოცირიძემ.


გიორგი გოცირიძე

რაც შეეხება კორუფციას ან სხვა სამართლებრივ დარღვევებს, კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ ეს ცალსახად დანაშაულებრივი გარემოებაა, მაგრამ ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიმე სახელმწიფო ორგანოს კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა დიდი ალბათობით არ არის და ეს საკრებულოს დათხოვნისთვის საკმარისი პირობა ვერ იქნება.

"დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება ანუ პრეზიდენტის ბრძანებულებაც შეიძლება სასამართლოში გასაჩივრდეს თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით. სავარაუდოდ ეს იქნება თბილისის საქალაქო სასამართლო, რადგან პრეზიდენტის ბრძანებულებაა და მოპასუხედ ასეთ დავებში პრეზიდენტი სახელდება", -დასძინა მან.

კონსტიტუციონალისტი ვერ იხსენებს მაგალითს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის "კ" ქვეპუ­ნქტის გათვალისწინებით, რომელიმე საკრებულოს საქმიანობა შეუჩერეს ან დაითხოვეს.




Print