რეგიონი
სერგეი შამბა: თუ უახლოეს მომავალში კრიზისი არ განეიტრალდება, აფხაზეთი უფსკრულში გადაიჩეხება
აფხაზეთს უპასუხისმგებლო ადამიანები მართავენ, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების ყოფილმა წარმომადგენელმა სერგეი შამბამ ოპოზიციური ძალების ბლოკის შეკრებაზე განაცხადა. ის ამბობს, რომ თუ უახლოეს მომავალში კრიზისი არ განეიტრალდება, აფხაზეთი უფსკრულში გადაიჩეხება, საიდანაც თავის დაღწევა ვეღარ მოხერდება.

„რისთვის გვჭირდებოდა ბრძოლა. რისთვის დაიღუპა ამდენი ჩვენი ძმა და მეგობარი. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა ... ჩვენ მივიღეთ ისეთი თავისუფლება, რომლის მსგავსი არასდროს გვქონია. ნუთუ ამის გამოყენება არ შეგვიძლია“, - თქვა მან.

შამბამ აღნიშნა, რომ ის შეხვედრაზე ასლან ბჟანიას, დე ფაქტო მთავრობის სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელის, მხარდასაჭერად იმყოფებოდა.

„ამ ხელისუფლებას და ამ პრეზიდენტს არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. აფხაზეთში ყველა თანხმდება, რომ ჩვენ ღრმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისში ვიმყოფებით. ჩვენ ყველა და პირველ რიგში, მე ვარ დამნაშავე, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაშია. ვიმედოვნებდით, რომ რამეს გააკეთებდნენ. ჩვენ წინ 90-იანი წლების მსგავსი უდიდესი ტრაგედია გველოდება, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ და ახლაც ყველაფერს ვკარგავთ. ხელისუფლება უმოქმედოა, ხვალ ისევ გველის ისეთი ტრაგედია, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ და ახლაც დავკარგავთ. თუ ვითარება არ გამოსწორდება, მოგვიწევს, მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ. ხვეწნას დავუწყებთ. ეს გინდათ? მე ეს არ მინდა! მე არანაირი თანამდებობა არ მინდა, რომ მთხოვონ, არც დავთანხმდები“, - განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

აფხაზეთის ოპოზიციური ძალები ამჟამინდელ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ, შექმნილ ვითარებაში, კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად, სახელმწიფოს მეთაურის გადადგომას და მის მიერ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიიჩნევენ.

გასული კვირაში გადადგა დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე - პრემიერი ვიტალი გაბნია, რომელმაც მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, იგივე განაცხადა, და რაულ ხაჯიმბას ურჩია, არ იყაროს კენჭი მეორე საპრეზიდენტო ვადაზე.

Print