რეგიონი
სეს: აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა სექტემბერში განახლდება
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების შემდგომი ეტაპი საკარმიდამო ნაკვეთებში მოსაზიდი ფერომონების დამონტაჟებას და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით წამლობის დაგეგმვას გულისხმობს. ინფორმაციას ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

"მოზამთრე ფაზაში მავნებელი ინაცვლებს საცხოვრებელ სახლებში, რაც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ფერომონების დამონტაჟება საკარმიდამო ნაკვეთებში, იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს ბრძოლის ღონისძიებების არეალი და მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის რიცხოვნობა", - თქვა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა.

მისივე ინფორმაციით, სექტემბრიდან დაიწყება თერმული ნისლით წამლობის შემდეგი ეტაპი, რომელიც მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.

ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარე წლის აპრილიდან დღემდე 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელში ჩატარდა. თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 433 450 ათასი ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით - 32 ათასამდე ჰექტარი საყანე ფართობი, "მოიზიდე და გაანადგურე" სადგურების გამოყენებით (ცივი შესხურებით) – 55 ათასზე მეტი ჰექტარი, დიდი წარმადობის აეროზოლური გენერატორით - 11 391 ჰა.

Print