რეგიონი
ზუგდიდში გარემოვაჭრემ დაკავების შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა
დღეს ზუგდიდში გარემოვაჭრე მარინა ფარულავა დააკავეს, რომელიც 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა. პოლიციის შენობაში ყოფნისას მან თვითდაზიანება მიიყენა. სამართალდამცველებმა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. გაირკვა რომ ქალს ერთი ზედაპირული ნაკაწრი აღენიშნებოდა ხელის არეში და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებდა.

მარინა ფარულავამ ცოტა ხნის წინ დატოვა პოლიციის შენობა. მან დაადასტურა, რომ თვითდაზიანება მიიყენა და თქვა, რომ ეს ემოციურ ფონზე ჩაიდინა. გარმოვაჭრემ აღნიშნა, რომ სამართალდამცავების წინააღმდეგ პრეტენზიები არა აქვს, თუმცა ის აპროტესტებს მერიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ბაზრის მიმდებარედ აიკრძალა გარევაჭრობა, თუმცა, ამავე დროს, ნება დაირთო ტროტუარზე მაღაზიის მშენებლობაზე, რაც მას უსამართლობად მიაჩნია. ამჟამად, მარინა ფარულავა, ქუთაისში ექსპერტიზაზე გადჰყავთ. დაბრუნებისთანავე, ის სხვა გარემოვაჭრეებთან ერთად ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას გეგმავს.

მერიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის უფროსის მოადგილე ნონი ნიჟარაზეც, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა და დაკავებული მოინახულა. მან თქვა, რომ აპროტესტებს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიის მშენებლობას და ბაზრის ადმინისტრაციის ფასადის დაანგრევას. მან გარემოვაჭრეს მხარდაჭერა აღუთქვა. საუბარია შპს "სუპერმარკეტის" მიმდებარე ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ადამიანების ჯგუფზე დაკანონდა და მშენებლობის ნებართვა გაიცა.


შს სამინისტროს ინფორმაციით, მარინა ფარულავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გამოძიება 153 - ე მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობას გულისხმობს. სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

Print