რეგიონი
ბერლინში ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ფესტივალში ორი ზუგდიდელი პოეტი მონაწილეობს
ახალგაზრდულ ლიტერატურულ ფესტივალში - "ბერლინისი", რომელიც ბერლინში 29 აგვისტოს გაიხსნა რვა ქართველი მწერალი, მათ შორის, ორი ზუგდიდელი პოეტი ნიკა ლაშხია და გიორგი შონია მონაწილეობს. ფესტივალის მიზანია ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობის გაღრმავება და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება.

"ამ ფესტივალში ვმონაწილეობთ ასევე 8 გერმანელ ავტორთან ერთად. ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, ვარკვევთ რა თემებზე ვწერთ, საიდან მოდის ინსპირაცია, რა შესაძლებლობები აქვს გერმანელ და ქართველ შემოქმედებს თავიანთ ქვეყნებში. ძირითადად ჩემთვის ამ ფესტივალში მონაწილეობა არის გამოცდილება და გამოცდილებასთან ერთად პასუხისმგებლობა, რადგან როცა აქ გეძახიან ესე იგი რაღაცას ქმნი და და ამ რაღაცას მომავალში არ უნდა მოწყდე. საინტერესო ადამიანები გავიცანი, ცხოვრების სხვა რიტმში ვარ მოქცეული, ახალი შთაბეჭდილებებით და შეგრძნებებით ვივსები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის", - უთხრა რადიო "ათინათს" ნიკა ლაშხიამ.

მათთან ერთად საქართველოდან ფესტივალში ნინი ელიაშვილი, ზურა აბაშიძე, თორნიკე ჭელიძე, ქეთევან მეფარიძე, ანინა ტეფნაძე და თაკო ფოლადაშვილი მონაწილეობს. "ბერლინისი" 2 სექტემბერს დასრულდება.

ფოტო: რადიო თავისუფლება, ეკა ქევანიშვილი

Print