რეგიონი
ზუგდიდში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი განახლდა (ვიდეო)
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი დღის ცენტრი "ნერგები", რომელიც ლაზის ქუჩაზე მდებარეობს, სხვადასხვა, მათ შორის, მუსიკალური თერაპიის, სენსორული ინტეგრაციის, ჯგუფური და ინდივიდუალური მომსახურეობებისთვის განკუთვნილი კაბინეტებით აღიჭურვა. ცენტრი პოლონური ფონდის "ვერდა" დახმარებით განახლდა.


ორგანიზაცია "კავშირი ნერგების" ხელმძღვანელის იამზე ალფენიძის თქმით, აღნიშნული ცენტრით განსაკუთრებულ საჭიროებების მქონე ნებისმიერ ბავშვს თუ მოზარდს შეუძლია ისარგებლოს.

"ზოგადად, "ნერგები" თავის თავში აერთიანებს სამ სახელმწიფო პროგრამას. ეს არის დღის ცენტრის მომსახურება, დღიური განვითარების და შინ მოვლის პროგრამები. ეს სახელმწიფო პროგრამები ემსახურება 0-დან 18 წლამდე შშმ ბავშვებს სხვადასხვა დარღვევებით.  ადრეული განვითარების პროგრამა გულისხმობს 6 წლამდე მრავლობითი დარღვევების და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მომსახურებას, დღის ცენტრის ფორმატი გახლავთ დილის 10 საათიდან 16 საათამდე, სადაც 4-დან 16 წლამდე ბავშვები იღებენ მონაწილეობას, ხოლო შინ მოვლის პროგრამა ემსახურება მათ ვისაც ცენტრში არ შეუძლია მოსვლა. ეს სამივე სახელწიფო პროგრამა ოჯახების მხარდაჭერას გულისხმობს და არის ძალიან მნიშვნელოვანი მშობლებისთვის", - აღნიშნა "ნერგების" ხელმძღვანელმა



დღის ცენტრის პროექტის -  "ერთად  მეტი შეგვიძლია" ფარგლებში განახლდა, რომელიც ფონდ "ვერდას" მხარდაჭერით რეალიზდება. პროექტის კოორდინატორის რენატა ლერსნერშვარცის თქმით, დღის ცენტრის განახლებაზე მათთან ერთად, ბავშვებმა და მშობლებმა იზრუნეს.

"მანამდე ჩვენ გვქონდა ტყე, და ახლა ჩვენ გვაქვს ბაღი, ეს სასწაულს ჰგავს! მე ვთქვი, რომ ჩვენ დავასრულეთ პროექტის მესამე ნაწილი, მაგრამ, სინამდვილეში, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ჩვენ მოვამზადეთ ადგილი, ასევე სტაფი და სექტმბრიდან, ახალი ძალებით შევუდგებით ბავშვებთან მუშაობას", - აღნიშნა მან.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, პროგრამის "პოლონური დახმარება 2018"  და პოლონურ-ამერიკული ფონდი თავისუფლების მიერ პროგრამა "რიტას" ფარგლებში.


Print