ახალი ამბები
ნონა გაფრინდაშვილის თასი ზუგდიდში (ფოტო, ვიდეო)
მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მთავარი ჯილდო "ნონა გაფრინდაშვილის თასი" დღეს ზუგდიდში ჩამოიტანეს. ღონისძიებაზე, რომელიც დადიანების სასახლის ეზოში გაიმართა, ორგანიზატორთან ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი და ნანა იოსელიანი ჩამოვიდნენ.



ისინი ზუგდიდელ პატარა მოჭადრაკეებსაც შეხვდნენ და მათთან ჭადრაკიც ითამაშეს.



ნონა გაფრინდაშვილმა ზუგდიდში ჭადრაკის სასახლის რებილიტაციისთვის მერიას მადლობა გადაუხადა. მან ასევე ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ თასის რეგიონებში მოგზაურობის მთავარი მიზეზი ოლიმპიადისა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციაა.

„ეს იქნება ყველაზე დიდი ღონისძიება, რაც კი ჩატარებულა საქართველოში და უმნიშვნელოვანესია ჩვენი სპორტული ცხოვრებისთვის. დღეს ზუგდიდში ჩამოვიტანეთ თასი, რომელიც ოლიმპიადაზე ქვეყანას საერთო ჯამური წარმატებისთვის გადაეცემა. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს მოჭადრაკეებს და ვისურვო, რომ უფრო განვითარდეს ჭადრაკი ჩვენს ქვეყანაში“, - თქვა გაფრინდაშვილმა.



ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გია გიორგაძის თქმით, ამ თასის მოგზაურობა რეგიონებში ზუგდიდში ვიზიტით სრულდება.




„დღეს არის შეხვედრა ახალგაზრდა, ნორჩ მოჭადრაკეებთან, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია საჭადრაკო ცხოვრება და უნდა ჩაერთონ საოლიმპიადო ცხოვრებაში“, - დასძინა გიორგაძემ.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და და ქალაქის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია დაესწრნენ.
მათ მოჭადრაკეებს ამ სპორტის პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადეს და ოლიმპიადის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.



დღევანდელი ღონისძიება ზუგდიდში მერიის მხარდაჭერით გაიმართა. 23 სექტემბრიდან კი საქართველო ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას, საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმში მასპინძლობს. ოლიმპიადაში 189 ქვეყნის მოჭადრაკეები მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველომ 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების უფლება 2014 წელს ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში მოიპოვა.  1998 წელს მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით ფიდემ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალის, ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის თასი დააწესა. რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა. 

Print