რეგიონი
ზუგდიდში ნაპოვნ ბავშვს ნიცა დაარქვეს
ზუგდიდის სოფელ კახათში ერთ-ერთი ოჯახის ჭიშკართან ნაპოვნ ახალშობილზე პასუხისმგებლობა სოციალური მომსახურეობის სააგენტომ აიღო და მას ნიცა დაარქვეს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის იურისტმა უტა მიქაძემ უთხრა.

„ახალშობილი უკვე გამოწერეს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალიდან და ის უკვე იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობაში. გაშვილებასთან დაკავშირებით ჩვენ  მივმართავთ პოლიციას ბავშვის ბიოლოგიური მშობლების დასადგენად. თუ 6 კვირის განმავლობაში მათი ვინაობა ვერ დადგინდა, უკვე სასამართლოს მივმართავთ, რომ მას მიტოვებულის სტატუსი მიენიჭოს. სტატუსის მინიჭების შემდეგ კი გაშვილების პროცედურები დაიწყება“, - აღნიშნა მიქაძემ.

10 სექტემბერს სოფელ კახათში წურწუმიების სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს. შს სამინისტრომ გამოძიება 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.


Print