ახალი ამბები
კირცხში ბაღის დირექტორს „ქართული ოცნების“ დროშებისა და ტორტის გამო საყვედური მისცეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში ახალი საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებაზე საზეიმო ტორტზე „ქართული ოცნების“ დაწერისა და შენობაზე მმართველი პარტიის დროშის გაფენის გამო ბაღის დირექტორს საყვედური მისცეს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ უთხრა. მისივე თქმით, მკაცრად გააფრთხილეს ააიპ „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების“ თანამშრომელი, რომელიც მსგავს საკითხებს კურირებს. გოგუა ამბობს, რომ ფაქტი მისთვის მიუღებელია.

„ჩვენ არ ვიყავით ინფორმირებული, მანდ დროშა ეკიდა და მოვახსნევინეთ. უბრალოდ, დაუდევრობას ჰქონდა ადგილი. ბაღის დირექტორმა აღიარა, რომ ეს იყო მისი ინიციატივა. ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის ასეთი სახით რეკლამის გაწევა ჩემთვის მიუღებელია“, - თქვა გოგუამ.

თავად ააიპ-ის ხელმძღვანელი ბადრი ქებურია კი ამბობს, რომ ბაღის ადმინისტრაციის მხრიდან მსგავსი ქმედება მადლიერების გამოხატვა იყო იმის გამო, რომ, როგორც ქებურიამ გვითხრა, „ქართული ოცნების“ პირობებში, 30 წლის შემდეგ სოფელს პირველად აქვს საბავშვი ბაღი".

კითხვაზე, მისაღებია თუ არა მისთვის სააღმზრდელო დაწესებულებაში ასეთი სახის პროპაგანდა, ქებურიამ არ გვიპასუხა.

ახალი საბავშვო ბაღი კირცხში  17 სექტემბერს გაიხსნა.

ფოტო: Timer.ge
Print