პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს გალში შერეული შეხვედრის განახლებისკენ მოუწოდებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს და განაახლოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრები გალსა და ერგნეთში. უწყების მიერ გავრცელებულ განცახდებაში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობასაც მიმართავს აღნიშნული შეხვედრების მუშაობის უზრუნველსაყოფად.

„შეშფოთებას გამოვთქვამთ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს არამარტო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს გალსა და ერგნეთში, არამედ მთლიანად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს. ამ ფონზე კიდევ უფრო დამაზიანებელია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარები, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ფაქტების დამახინჯების გზით.ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართული მხარე მუდმივად აყენებდა აღნიშნულ საკითხს პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მაღალი დონის შეხვედრებზე. საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია იმასთან დაკავშირებით, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაზიანება გამოიწვევს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ადგილზე ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გააძლიეროს ძალისხმევა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუბრკოლებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებების ფუძემდებლური პრინციპებისა და პროცედურების სრული დაცვით“, - ნათქვამია განცხადებაში.

გალში შერეული შეხვედრა ბოლოს მიმდინარე წლის 27 ივნისს გაიმართა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის მოადგილის ირაკლი ანთაძის ცნობით, აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა ქართულ მხარეს შეხვედრის დაწყებისას დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი განაცხადეს, რომ შეხვედრას დატოვებდნენ. როგორც ანთაძემ ჟურნალისტებს ენგურის ხიდზე უთხრა, ქართულმა მხარემ მათ ადეკვატური პასუხი გასცა, რომ ეს საკითხი ქართული მხარისთვის არის პრინციპული და მნიშვნელოვანი, რის შემდეგაც დე ფაქტო აფხაზეთის და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს.

ამავე თემაზე:

გალის შეხვედრა აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა ჩაშალეს (ვიდეო)


Print