ახალი ამბები
ანაკლიის პორტმა ევროპასა და აზიაში აბრეშუმის გზის საუკეთესო პროექტის ჯილდო მიიღო
პეკინში, გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Asiamoney-ს დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა, რომელზეც წლის საუკეთესო პროექტები დაასახელეს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონა კი 2018 წლის გამარჯვებულია - პროექტი დასახელდა, როგორც აბრეშუმის გზის საუკეთესო ინიციატივა ევროპისა და აზიის მასშტაბით. ამის შესახებ რადიო "ათინათს"  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს.

ამავე ინფორმაციით, Asiamoney-მ ანაკლიის პროექტები დაასახელა, როგორც: „სარტყელი და გზის“ საუკეთესო ინდივიდუალური პროექტი/ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში“ .

გამოცემის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სპეციალური ეკონომიკური ზონა მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება „სარტყელი და გზის ინიციატივის“ შუა კორიდორში, რომელიც ჩინეთიდან მოემართება და ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს კვეთს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს საკვანძო მოთამაშედ აქცევს „სარტყელი და გზის ინიციატივაში“. ამასთან, ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პროექტს ახალი აბრეშუმის გზის განვითარებაში“.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ასევე მიღებული აქვს „წლის საუკეთესო ინფრასტრუქტურული პროექტის“ ჯილდო გლობალური ლიდერობის მე-9 საერთაშორისო ფორუმზე; ასევე, ის აღიარეს „წლის საუკეთესო საინვესტიციო პროექტად“ დუბაის ყოვეწლიურ საინვესტიციო ფორუმზე.


ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები დაიწყო (ფოტო, ვიდეო)

Print