რეგიონი
ენმ ზუგდიდში საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვს. პარტიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მურთაზ ზოდელავას თქმით, ამ დროის განმავლობაში ოლქსა და უბნებზე 140-ზე მეტი საჩივარი დაიწერა და საარჩევნო პროცესები არაორგანიზებულად მიმდინარეობს. ამის შესახებ მან დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ზოდელავამ ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ კომისიების თავმჯდომარეების და მათი მოადგილეების მიმართაც, რომლებსაც ამ პირობებში არ სურთ მუშაობა, მირანდა მესხი და სხვადასხვა სამსახურის, მათ შორის, პოლიციის წარმომადგენლები, სსიპ-ების ხელმძღვანელები და პედაგოგები ზეწოლას ახორციელებს.

„საუბნო კომისიების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს არ სურთ მუშაობა, რადგან იციან თუ რა გაყალბებებზე, მოუწევთ ხელის მოწერა, ხოლო მათზე ზეწოლას ახორციელებს მირანდა მესხი. გარდა ამისა არის სავალალო მდგომარეობა საოლქო საარჩევნო კომისიაში, უკვე დაწერილია 140-ზე მეტი საჩივარი სხვადსხვა პროცედურულ დარღვევებზე. ასეთი სავალალო მდგომარეობა არ არის საქართველოს არცერთ ოლქში. მე მინდა მოვუწოდო საოლქო კომისიის  თავმჯდომარეს მირანდა მესხს, რომ დაწეროს განცხადება და დატოვოს თანამდებობა, რადგან რასაც ახლა მესხი აკეთებს, ის სავალალო შედეგით დასრულდება“, - ამბობს მურთაზ ზოდელავა.

ენმ-ს ბრალდებებზე რადიო "ათინათი" #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციას მალე შემოგთავაზებთ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
Print