ახალი ამბები
მირანდა მესხი ენმ-ის ბრალდებებზე: ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია (ვიდეო)
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს არჩევნების გასაყალბებლად მზადებასთან დაკავშირებით უარყოფს და მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას უწოდებს. ამასთან, მესხი ამბობს, რომ მის მიმართ ზეწოლები არ ხორციელდება.

„ჩემზე არავითარი ზეწოლა არ არის, თვითონ ახდენენ ზეწოლას საკუთარ წევრებზე, რომ წერონ საჩივრები. ამიტომაც არის უშინაარსო, ზოგჯერ წინასწარ დაწერილი საჩივრები. ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ჩვენ მზად ვართ თითოეული ამომრჩევლისთვის შევქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო“, - უთხრა ჟურნალისტებს მესხმა.

რაც შეეხება საჩივრების რაოდენობასა და საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნებისა და თავმჯდომარეების დანიშვნას, მესხის ინფორმაციით, სულ ამ დრომდე 30 საჩივარია რეგისტრირებული. მისი თქმით, ყველა საარჩევნო უბანი კი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

„ყველა უბანი გახსნილია და საუბნო კომისიები უფლებამოსილია. ერთი უბანია მხოლოდ, რომელშიც მდივანი არ არის არჩეული და თავმჯდომარე ასრულებს მის მოვალეობას, თუმცა დამატებითი სხდომა დაინიშნება. მათი საჩივრები არის უსაფუძვლო და გადაცდომად თვლიან დაგვიანებასაც, რაც არ არის დარღვევა“, - თქვა მესხმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვს. პარტიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მურთაზ ზოდელავას თქმით, ამ დროის განმავლობაში ოლქსა და უბნებზე 140-ზე მეტი საჩივარი დაიწერა და საარჩევნო პროცესები არაორგანიზებულად მიმდინარეობს.


ამავე თემაზე:

ენმ ზუგდიდში საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს 
Print