არჩევნები
ხმაური ზუგდიდის საარჩევნო ოლქში - კომისიამ ენმ-ის საჩივრები არ დააკმაყოფილა
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო ოლქში, სადაც კომისიის სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხმაური იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სამ (22-ე, 25-ე და 82-ე ) უბანზე კენჭისყრის შედეგების გაუქმებასა და თავმჯდომარის, მდივნებისა და მოადგილეების თავიდან არჩევას ითხოვდნენ, თუმცა კომისიამ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ენმ-ის მტკიცებით, კომისიის წევრებს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები არ ჰქონდათ, ასევე, საუბარი იყო ზეწოლის შესაძლო ფაქტებზეც.

„საოლქო საარჩევნო კომისიის ქცევა გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და იქცა „ქართული ოცნების“ შტაბად. ეს არის არაპროფესიონალიზმი, არაობიექტურობა და არანაირი კავშირი ამ ყველაფერს დემოკრატიასა დ გამჭვირვალობასთან არ აქვს. თუნდაც, 25-ე უბნის შემთხვევა, როცა მირანდა მესხის მეგობარმა, საოლქოს წარმომადგენელმა ერთ-ერთ წევრზე ზეწოლა მოახდინა და შეაცვლევინა გადაწყვეტილება. ყველა სამართლებრივ რესურსს ამოვწურავთ და მესხის მოუწევს სასამართლოში სიარული, მისი გადაწყვეტილებები იქნება საფუძველი იმისა, რომ მას მოუწევს პასუხისგება“, - აღნიშნა წითლიძემ.

თავის მხრივ, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ამბობს, რომ ენმ-ის ყველა საჩივარი და მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან, მისი თქმით, შესაბამისი აკრედიტაცია უბანზე ყველა წევრს ჰქონდა, რაც შეეხება ზეწოლას, მესხის მტკიცებით, ზეწოლის ფაქტი არ ყოფილა.

„მათ არ გაუსაჩივრებიათ არცერთი უბნის აქტი, არ ყოფილა არავითარი ჩარევა და ბეიჯების არქონა გადაწყვეტილებების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს. რაც შეეხება იმას, რომ ოლქის წარმომადგენელმა ერთ-ერთ წევრს ჰკითხა, იღებდა თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას, ეს არა ზეწოლა იყო, არამედ დაზუსტების მიზნით დასმული შეკითხვა“, - განმარტა მესხმა.

ხმაურიან სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. საია-ს ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის ჯემალ ჭკადუას თქმით, ისინი ყველა საჩივარსა და ზეწოლის შესაძლო ფაქტებს გამოიკვლევენ და შეაფასებენ.

ამავე თემაზე:

მირანდა მესხი ენმ-ის ბრალდებებზე: ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია (ვიდეო)
Print