ახალი ამბები
ენმ-მ ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში კედელზე საჩივრები გააკრა (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაცია ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს საჩივრების რაოდენობის სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ წევრებთან ერთად საოლქოს კედლებზე ის 140 საჩივარი გააკრა, რომელიც, მათი მტკიცებით, არჩევნების გამოცხადების დღიდან ამ დრომდე დაიწერა.

alt

“მირანდა მესხი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს „ქართული ოცნების“ აქტივისტები და საოლქო საარჩევნო კომისია აქცია შტაბად, ცდილობს დამალოს სტატისტიკა. თვალსაჩინოდ გავუკარით, რომ მან იცოდეს, რომ ის ვერ შეასრულებს „ქართული ოცნების“ დავალებას და ვერ დამალავს ვერცერთ საჩივარს. ერთ ოლქში ამდენი საჩივრის დაწერა აყენებს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხს“, - თქვა წითლიძემ.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს მესხი. მისი მტკიცებით, ოლქში არა 140, არამედ 40 საჩივარი დაიწერა, რომელიც რეგისტრირებულია და ატვირთულია ცესკოს ვებ-გვერდზეც.

alt

„მას შეუძლია გაასაჩივროს განკარგულებები და მიღებული გადაწყვეტილებები. არ ვიცი ეს ციფრი 140 საიდან მოვიდა“, - აღნიშნა 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

ცესკო ვებ-გვერდზე კი 67-ე საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებული 43 საჩივარი ფიქსირდება, რომელთაგან 38 „ერთიანი ნაციონალური მოძროაბის“, 3 – „ევროპული საქართველოს“, ორი კი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაიწერა. მათგან 4 განხილვაშია, 3 არ დაკმაყოფილდა, 37 მათგანზე კი წერილობით გაეცა პასუხი.

ამავე თემაზე:

ხმაური ზუგდიდის საარჩევნო ოლქში - კომისიამ ენმ-ის საჩივრები არ დააკმაყოფილა
Print