ახალი ამბები
წოწერია: არ ვიცი რა მიზანს ემსახურებოდა ეს აქცია, გზასთან დაკავშირებით მოსახლეობას გუშინ ვესაუბრეთ
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერია ინფორმაციით, ახალკახათის მოსახლეობის ნაწილს გუშინ შეხვდნენ და გზის რეაბილიტაციის სავარაუდო ვადებთან დაკავშირებით უკვე ისაუბრეს. წოწერიას თქმით, ადგილობრივებთან ერთად განიხილეს აღნიშნული პრობლემა და მათ ყველა კითხვას უპასუხეს.

"გუშინ შევხვდით მოსახლეობის ნაწილს. ამოვწურეთ მათთან ყველა კითხვა. გვითხრეს, რომ 19-ის მერე ისევ გვექნებოდა კომუნიკაცია და უკვე ზუსტ თარიღსაც დავუსახელებდით, თუ როდის დაიწყებოდა გზის აღდგენითი სამუშაოები. აქედან გამომდინარე, ვერ ვხვდები, რა მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი აქცია. სოფელ ოქტომბერში გზის რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. რაც შეეხება ახალკახათს, გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა, ვინაიდან გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ ვერ გამოასწორა დოკუმენტური ხარვეზი და შესაბამისად იმავე დღეს გამოცხადდა ტენდერი, რომელიც 19 ოქტომბერს დასრულდება. ამის შესახებ სოფლის მოსახლეობამ იცის. ყველა გზა, რომელიც ზუგდიდში იგება, არის ოთხწლიანი გეგმის მიხედვით და ის სიმულაციები, თითქოს, ხის გადასატანად გაკეთდა, არის ტყუილი", - ამბობს წოწერია. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლელ ახალკახათში ადგილობრივების ნაწილმა შიდა საუბნო გზების აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართეს.

ამავე თემაზე:

ახალკახათში მოსახლეობის ნაწილი გზის დაგებას ითხოვს (ვიდეო)

Print