ახალი ამბები
ქვალონში მდებარე ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ხობის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზემო ქვალონში მდებარე წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

ამავე ცნობით, სოფლის სასაფლაოს ცენტრში დგას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევი, რომელიც, სავარაუდოდ, გვიან შუა საუკუნეებში არის აგებული, გადაკეთებულია მე-19 საუკუნეში. ხალხი მას ,,ჩეოხვამეს" ეძახის, რაც თეთრ სალოცავს ნიშნავს. ნაგებობა აშენებულია მოზრდილი რიყისა და ფლეთილი კირქვებით, კირქვის კვადრები კი მხოლოდ კუთხეების ამოსაყვანადაა გამოყენებული. ეკლესიის ნაგებობის ზედა ნაწილი შეიძლება ითქვას მთლიანად დანგრეულია, ,,წაკვეთილია’’. არც კანკელია შემორჩენილი და არც სვეტები.

"XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ადგილობრივ მოსახლეობას განუზრახავს ტაძრის გადახურვა, ამ მიზნით ძველი სვეტების ადგილზე ორი რკინის მილი აღუმართავთ. გადარჩენილი კედლები საკმაოდ მყარად გამოიყურება. ტაძარი მეცნიერების მიერ არასოდეს არ შესწავლილა, შესაბამისად არც ტაძრისა და მისი შემოგარენის სტრატიგრაფიაა ცნობილი.ეკლესიას აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა, ფასადთა მორთულობა", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print