ახალი ამბები
არასამთავრობოები:სავარაუდოდ, ააიპ-ების თანამშრომლებს ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას ავალებენ
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებსა და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გადააგზავნონ. ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის(საია), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა(ISFED)და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევაშია ნათქვამი.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დამკვირვებლების ცნობით, ა(ა)იპების თანამშრომლებმა წინასწარ მომზადებულ ბლანკებში მათი ოჯახის წევრების შესახებ პერსონალური მონაცემები უნდა შეავსონ. კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საარჩევნო უბნის ნომერი და ნათესაური კავშირი შესაბამის პირებთან.

„ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა დამკვირვებლებთან საუბარში განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების დავალებით მათ გადაეცათ ცარიელი ბლანკები, რომელშიც თითოეულმა ათი მხარდამჭერის პერსონალური მონაცემები უნდა მიუთითოს. მათივე ინფორმაციით, სიების შედგენა იმ მოტივით ხდება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს. ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი სიების შედგენას წინა ხელისუფლების დროსაც ავალებდნენ. სამეგრელოში ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა ორგანიზაციების დამკვირვებლებთან საუბრისას განაცხადეს, რომ მოცემულ ფაქტზე ღიად საუბრის შემთხვევაში შიშობენ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ“, - აღნიშნულია კვლევაში.

არასამთაბრობოების შეფასებით, აღნიშნული ქმედებები, შეიცავს იძულების და ზეწოლის ნიშნებს, ასევე, წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ, რაც წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კანონმდებლობასთან.

ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ფლობენ აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებსაც, თუმცა ა(ა)იპ-ებში დასაქმებული პირებისა და მათი ახლობელების შრომითი უფლებებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებენ.

სამი არასამთავრობო მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებსა და მმართველ პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, საარჩევნოდ არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი; ამასთან, ისინი საბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებსაც მიმართავენ და მოუწოდებენ, უარი თქვან პარტიული ინსტრუქციების შესრულებაზე და მსგავსი ფაქტებისარსებობის შემთხვევაში ღიად ისაუბრონ აღნიშნულის შესახებ.
Print