ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის მეთაური: რუსეთის პატრიარქი ქართული აგრესიისგან გვიცავს
ოკუპირებულ აფხაზეთში, "სოხუმ - ბიჭვინთის ეპარქიის მეთაურმა" ვისარიონ აპლიამ დაგმო კონსტანტინოპოლის პატრიარქის გადაწყვეტილება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ. მისი თქმით, ეს არის არაგონივრული, ამერიკელების და ევროპელების მიერ ინსპირირებული გადაწყვეტილება. წერს „რია ნოვოსტი“.

"ის, რასაც ბართოლომე აკეთებს, აგრესორი ამერიკელების, და ევროპელი რჯულგანდგომილი-პროტესტანტების მხარდაჭერით მოხდა. მათ უნდათ, რომ სლავები ერთად არ იყვნენ”, - ამბობს ვისარიონ აპლია.

მისი აზრით, მსოფლიო პატრიარქს არ აქვს მსგავსი საკითხების გადაწყვეტის კანონონიკური უფლება.

„რუსეთი ხომ არ ართმევს უკრაინას ავტონომიას“, - დასძინა მან.

მისივე თქმით, ამ კონფლიქტში აფხაზეთი მხარს უჭერს მოსკოვს და პატრიარქ კირილეს.

"ჩვენ აფხაზები ვსაუბრობთ კირილეზე, როგორც მამა - მფარველზე, რომელიც ქართული აგრესიისგან გვიცავს. ქართულ აგრესიას ასევე ახლდა კანონის უხეში დარღვევები. ჩვენ ვერ გავნათლდებით ქართულ ენაზე. ჩვენ მართლმადიდებლურ სამართალს ვიცავთ, სიმართლე კი რუსეთის მხარესაა ", — განაცხადა მან.

ვისარიონ აპლიას თქმით, აღნიშნულ სიტუაციაში მართლამდიდებლებს ისღა დარჩენიათ, რომ ილოცონ, რათა უკრაინაში სამოქალაქო ომი არ გაჩაღდეს.


Print