რეგიონი
იგორ კოშინი: რუსეთი რჩება აფხაზეთის სუვერენიტეტის საიმედო გარანტად

რუსეთის ფედერაციისა და დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროების ინიციატივით გამართულ „IX აფხაზურ-რუსულ ბიზნეს ფორუმზე 10 წლის თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს, წერს „აბხაზია ინფორმი“.

რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებზე რუსეთის ფედერაციის მინისტრის მოადგილემ იგორ კოშინმა განაცხადა, რომ რუსეთი რჩება აფხაზეთის სუვერენიტეტის საიმედო გარანტად და მომავალშიც გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რესპუბლიკის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით, „აფხაზეთმა უნდა გაატაროს ეფექტიანი საკანონმდებლო რეფორმები, შექმნას ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, გადაჭრას ინფრასტრუქტურის მოწყობის და ენერგოუსაფრთხოების საკითხები“.

„აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის“ ადგურ არძინბას თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში „ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად განვითარდა, ორჯერ გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა. განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდება მთავარი - ტურიზმის სექტორი“.

ფორუმის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შესაბამის კითხვებზე პასუხისას იგორ კოშინმა აღნიშნა,  რომ აფხაზეთს მხოლოდ რუსეთის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს, ბევრი რამ სწორედ ადგილობრივ მოსახლეობაზეა დამოკიდებული.

„ენგურჰესში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროექტის განხორციელება 2020 წლამდე გადაიდო. საიდან მიიღებს აფხაზეთი ელექტროენერგიას? რა თქმა უნდ რუსეთი გაუწევს მას დახმარებას, თუმცა მთელი მოცულობის გადმოქაჩვა, ხაზებზე დანაკარგების გამო, შეუძლებელია. და ამაზე დღესვე უნდა ვიფიქროთ.  საკვები პროდუქტი ადგილზე უნდა აწარმოოთ. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაეხმარა აფხაზეთს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა გადაჭრილია. ამჯერად სპეციალისტები საუბრობენ ბრძოლის გაგრძელების, მავნებლის მექანიკურად შეგროვების აუცილებლობაზე, თუმცა ამ რეკომენდაციებს ცოტა ვინმე თუ ითვალისწინებს“, - თქვა კოშინმა.

მისი თქმით, რუსეთი ცნობს აფხაზეთის უფლებას შემოიღოს ესა თუ ის საკანონმდებლო  შეზღუდვები, თუმცა,  ასევე უნდა დაფიქრდეს იმაზე, „თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს მათ და როგორი იქნება აფხაზეთის ხვალინდელი დღე“.
Print