ახალი ამბები
ზუგდიდის სოფლებში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს პროდუქტებს დაურიგებენ
ზუგდიდის მერია სოფლებში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს 40 000 ლარამდე ღირებულების საკვებ პროდუქტს დაურიგებს. შესაბამისი ტენდერები მუნიციპალიტეტის მერიამ გასულ კვირაში გამოაცხადა. 413 ოჯახს ზამთრისთვის 10 კგ. შაქარს, 5 კგ. მაკარონს, 25 კგ. ფქვილს, თითო 5 ლ ზეთს, 10-10 კგ კარტოფილსა და ამავე რაოდენობით ხახვს დაურიგებენ.

მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო სხულუხიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ აღნიშნული ქვეპროგრამა სოციალურ მუხლს საპილოტე პროგრამის სახით დაემატა და ის გაზაფხულზე ინიცირდა.

"რადგანაც უფასო სასადილოები არის ქალაქში და ვერ მოხდა ტრანსპორტით სოფლებიდან სოციალურად დაუცველების უზრუნველყოფა, გადავწყვიტეთ, რომ დარჩენილით, რომელსაც ასევე დაემატა გარკვეული თანხა, ზამთარში გამოსაყენებლი პროდუქტებით მოგვემარაგებინა სოფლებში გაჭირვებული ოჯახები", - აღნიშნა სხულუხიამ.

რაც შეეხება ოჯახებს, ვისაც აღნიშნული პროდუქტი დაურიგდება, სხულუხიას ინფორმაციით, ისინი მერის წარმომადგენლებმა შეარჩიეს.

"მათ უკეთესად იციან, ვის უფრო უჭირს სოფელში. ამიტომაც სამუშაო შეხვედრა გავმართეთ გამგებლებთან და მოგვაწოდეს სია", - თქვა მან.

პროდუქტების შესაძენად ოთხი ტედნერია გამოცხადებული, რომლის ჯამური ღირებულება 39 441 ლარია.

თითოეულ მათგანში წინადადების მიღება20 ოქტომბერს დაიწყო და 22 ოქტომბერს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ პროდუქტების მიწოდება ხელშეკრულებსი დადებიდან ერთი თვის განმავლობასი უნდა უზრუნველყოს.
Print